სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ღია წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს, მიმოიხილავს ციხეში არსებულ პირობებს და თანამოქალაქეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.
„გამარჯობა ჩემო მეგობრებო, თანამოაზრეებო და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულო საზოგადოებავ. უდიდესი პატივისცემით მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველ დღე, ყოველ საღამოს, ყოველ წუთსა და წამს.
პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. წმინდა გიორგის ძალა და მადლი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს. დაე, ისე დაგვემარცხებინოს ბოროტება და უსამართლობა, როგორც წმინდა გიორგიმ – გველეშაპი.
არ ვიცი საიდან დავიწყო, იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ თემები ჩამოვწერე და იმის მიხედვით მოვყვები.
ყველას აინტერესებს ციხეში როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორი მოტივაცია გვაქვს, რამე ზეგავლენა იქონია, თუ არა ციხემ ჩვენზე? ორიოდე სიტყვით ვიტყვი.
ვართ ძალიან მხნედ, ციხის პირობებშიც კი (თუ გინდათ აქედან გაგამხნევებთ) ვსწავლობთ, ვძლიერდებით, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ვსაუბრობთ, განვიხილავთ თემებს და ხშირად ვბრაზობთ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მოტივაცია იმაზე დიდია, ვიდრე ციხეში მოხვედრამდე (ბევრად დიდი). საერთოდ არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია ციხეს ჩვენზე, პირიქით, ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ.
ასევე, მინდა მოვიკითხო და მხნეობა ვუსურვო ყველა სინდისის პატიმარს. ასევე მინდა გამოვეხმაურო პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტს და ადმინისტრაციას. როცა რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, თქვენ ჯერ თავის მართლების რეჟიმში გადადიხართ და მერე აკეთებთ საქმეს (ეგეც თუ აკეთებთ) მოგმართავთ სასამართლო დარბაზიდანაც, ვილაპარაკებ ხმამაღლა იმაზე, თუ როგორ ექცევით პატიმრებს, ჩემი თავი ჯანდაბას, (ჩვენ სინდისის პატიმრები არ დაგიწყებთ წუწუნს, რადგან ჩვენი კერპი მერაბ კოსტავა არის), მაგრამ ჩვენს გარდა, 3000-ზე მეტი პატიმარია. პაატა სალიას მივმართავ, რომ მობრძანდით N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში და საკუთარი თვალით მაინც ნახეთ, თუ რა პირობებში გვიწევს აქ ყოფნა ან კატეგორიულად მოვითხოვ ვიდეომეთვალყურეობის გასაჯაროებას.
კიდევ ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურები ლევან მაჭავარიანის (“ოცნების” დეპუტატი) განცხადებას. მან ასეთი რამ თქვა „ ციხეში ძალიან კარგი პირობებია, ვინც გამოდის მადლობებს იხდიან, თქვენ 2012 წლამდე უნდა გენახათო“ – ლევან, რამდენმა კაცმაც ამ კომენტარის გამო შეგაგინა ერთი არ აგცდეს. რომელ პირობებზე ლაპარაკობთ? 1 წელია, რაც აქ ვარ და 2 პატიმარი ცემით მოკალით პირდაპირი მნიშვნელობით, 3 ბადრაგი დაჭრეს, ზოგს ყელი გამოჭრეს, 16 პატიმარი სცემეს (ეს რაც გავიგონე და რაც ვერა რამდენია?) ექიმი არ არის, საჭმელი არა, კარადებში ტარაკნები დარბიან, მაღაზიის პროდუქტები ორჯერ ძვირია, ვიდრე გარეთ. ნუ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმაზე, რაც იცით და ხმას არ იღებთ, შემოდით და ვნახოთ, რას ნიშნავს კარგი პირობები. როგორი ცუდი პირობებიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენს შემართებას ვერაფერს დააკლებს.
2024 წლის 28 ნოემბერი ის თარიღია, რომელიც ისტორიაში შევა, რომელ დღესაც სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ათი ათასობით და ასი ათასობით ადამიანი გაბრაზებული გამოვიდა, როცა დაიწყო უწყვეტი პროტესტი და დღემდე გრძელდება.
2025 წლის 28 ნოემბერს მშვიდობიანი, უწყვეტი პროტესტის 1 წელი სრულდება. მოგიწოდებთ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს, გამოდით რუსთაველზე და დაიცავით თქვენი სამშობლო და მომავალი, დაიცავით ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებული თავისუფლება, არ შეშინდე, გაბრაზდი. მოქმედება, მოქმედება და მოქმედება.
2 წლით ჩამსვეს ციხეში, რადგან 28 ნოემბერს ფეიერვერკი ჰაერში ვისროლე.
როცა უყურებ ამ ყველაფერს, როცა ხედავ შენი ასაკის ბიჭებს და მათ შორის გოგოებს ქუჩაში ე.წ პოლიცია სცემს, როცა ე.წ პოლიცია პირბადის გამო იჭერს, როცა ე.წ პოლიცია ბავშვის სათამაშოს გამო შეურაცხყოფილია, როცა ხალხი სახლის გარეშე რჩება, როცა 16000 ლარამდე გაიზარდეს ხელფასი ქოცმაცუნებმა და პენსიონერს 300-400 ლარი აქვს პენსია. ე.წ პოლიციელებო, მოგმართავთ თქვენ. ეხება გოგა მენანიშვილს, ლაშა სალუქვაძეს, სერგი ბზიშვილს და ვაჟა სირაძეს. თითოეულ თქვენგანს და თქვენს რიგითებს მოგიწევთ პასუხისგება თითოეულ საქციელზე, მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ გასამართლდეთ 225-ე მუხლით, რომლითაც ჩვენ გვასამართლებდნენ თავიდან.
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თვალები უნდა გაახილოს და დაინახოს რეალობა, თუ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი, ვისაც ომი სურს და ვისაც უნდა საქართველო თავის მარწუხებში მოაქციოს, ვინც აფერხებდა და აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას, ეს ა.
მადლობა ყურადღებისთვის, მარია ძალიან მიყვარხარ და გახსოვდეს, რომ შენი წერტილი მუდამ შენთან არის.
სიყვარულით, თქვენი თანამებრძოლი და რიგითი აკაცუკი“,- წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.