Axios – დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროსთან საუბარს გეგმავს

დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროსთან საუბარს გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ „ამ ეტაპზე ვენესუელაში შესვლას და მადუროს მოტაცებას ან მის მოკვლას არავინ გეგმავს“.
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ ახლა ეს გეგმა არ არის. იქამდე, ჩვენ ნარკოტიკების გადამზიდ ნავებს ავაფეთქებთ და ნარკოტრეფიკინგს შევაჩერებთ“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-სა და ვენესუელის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბრის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული კარტელისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება აშშ-ს სამხედრო მოქმედებებისთვის მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი