ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად “13 ტერორისტი“ დაიღუპა
ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 18 ნოემბერს აინ ალ-ჰელვის ბანაკზე განხორციელებულმა დარტყმამ სულ მცირე 13 ადამიანი იმსხვერპლა. ბეირუთს მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
„ჰამასის ცამეტი ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა სამხრეთ ლიბანში ორგანიზაციის სასწავლო ბანაკზე განხორციელებული
ზუსტი დარტყმის შედეგად“, – ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში. ჰამასი აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად არის შერაცხილი.
ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა შორის იყო „ჯავად სიდავი, რომელიც მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში ლიბანის ტერიტორიიდან ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“ ისრაელისა და მისი ჯარების წინააღმდეგ.
ისრაელის არმიამ დაუყოვნებლივ არ უპასუხა AFP-ის მოთხოვნას დარტყმის დროს დაღუპული კიდევ 12 ადამიანის ვინაობის შესახებ.
ისრაელის სამხედროები „მოქმედებენ ჰამასის დამკვიდრების წინააღმდეგ ლიბანში და გააგრძელებენ მოქმედებას ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ ისინი“, – ნათქვამია განცხადებაში.
20 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ახლდა 13 ახალგაზრდა კაცის ფოტოები, ჰამასმა ისრაელის არმიის დარტყმა შეაფასა, როგორც „საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელმაც რამდენიმე უდანაშაულო მშვიდობიანი მოწამის სიკვდილი გამოიწვია“.
დაჯგუფებამ უარყო ლიბანში პალესტინელთა ბანაკებში სამხედრო ობიექტების არსებობა და ისრაელის ბრალდებებს „ტყუილი“ უწოდა.
ისრაელის სამხედროებმა შენობაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელეს, თუმცა ჰამასმა განაცხადა, რომ „მიზანში ამოღებული ადგილი ღია სპორტული მოედანი იყო, რომელსაც ბანაკის ახალგაზრდები ხშირად სტუმრობდნენ“ და რომ „მიზანში ამოღებული პირები იმ დროს მოედანზე მყოფი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ“
ქალაქ სიდონის გარეუბანში მდებარე გადატვირთული აინ ალ-ჰელვის ბანაკი ლიბანში ყველაზე დიდი პალესტინელი ლტოლვილთა ბანაკია.
ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განაგრძო გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რომელიც ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლასთან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების, მათ შორის ორთვიანი სრულმასშტაბიანი ომის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.
ფორუმი




