წლის ბოლომდე 120 000 მართვადი ავიაბომბის წარმოებას გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

რუსეთი მკვეთრად აძლიერებს სამხედრო წარმოებას და წლის ბოლომდე 120 000-მდე მართვადი ავიაბომბის გამოშვებას გეგმავს – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
სკიბიცკის თქმით, რუსული ძალები უკვე ყოველდღიურად 200–250 მართვად ბომბს იყენებენ, მაშინ როცა გასულ თვეში საშუალო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 170 იყო. პარალელურად, მოსკოვმა დაიწყო 200 კილომეტრიანი რადიუსის მქონე ახალი ავიაბომბის მასობრივი წარმოება – წლის ბოლოსთვის დაგეგმილია დაახლოებით 500 ერთეულის დამზადება. ასევე მუშაობს მოდიფიკაციებზე, რომლებიც ბომბებს 400 კმ-მდე ფრენის უნარს მისცემს.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ამ ეტაპზე აქვს 70 000 შორსმსროლელი დრონი, მათ შორის 30 000 „შაჰიდი“.
სკიბიცკის თქმით, ომის დასაწყისში რუსეთმა თვეში მხოლოდ 30 დრონს უშვებდა, ახლა კი 30 დრონი შეიძლება ერთ სამიზნეზე იქნეს გამოყენებული.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებულმა მასალებმა კრიტიკულად გაზარდა რუსეთის საცეცხლე პოტენციალი. 2023 წლიდან პხენიანმა რუსეთს 6.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, თუმცა მარაგების შემცირების გამო მიწოდება 2024 წელს განახევრდა. სექტემბერში მიწოდებები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ოქტომბერში მცირე პარტია ისევ შევიდა. სკიბიცკის თქმით, მიღებული ჭურვების დაახლოებით ნახევარს რუსულ ქარხნებში გადამუშავება სჭირდება.
ჩრდილოეთ კორეა თავადაც აქტიურად ავითარებს წარმოებას: უკვე დაწყებულია FPV-დრონებისა და საშუალო მანძილზე მოქმედი დამრტყმელი დრონების სერიული გამოშვება.
უკრაინის დაზვერვის მონაცემები ემთხვევა კორეის საკითხებში სპეციალისტი მკვლევრის, ოლენა ჰუსეინოვას ანალიზს, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 6.7 მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. მისი შეფასებით, პხენიანმა ასევე გადასცა:
· 1.24 მილიონამდე ნაღმტყორცნის ჭურვი,
· 878 300-მდე РСЗО-ს რაკეტა,
· 248-მდე ბალისტიკური რაკეტა (KN-23/24),
· 794-მდე ჰაუბიცა და გამშვები დანადგარი.