უკრაინა მზად არის იმუშაოს ომის დასასრულებლად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე და მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებს.
ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ნოემბერს, გვიან ღამით განაცხადა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ. დელეგაციას პენტაგონის მაღალჩინოსანი, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობდა.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიიღეს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმა. დასავლეთის მედიასაშუალებების მიერ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან სერიოზულ დათმობებს, მათ შორის დონბასზე უარის თქმას და შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განახევრებას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 20 ნოემბერს, გვიან ღამით სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის დელეგაციასთან ძალიან სერიოზული საუბარი იყო. ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი ხედვები და წინადადებები – გეგმის პუნქტები ომის დასასრულებლად.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ომის პირველივე დღეებიდან აქვთ ერთი მარტივი პოზიცია – უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი და ღირსეული მშვიდობა, რომლის პირობები იქნება უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და გამორიცხავს უკრაინაში რუსეთის მესამედ შეჭრას.
ზელენსკის ინფორმაციით, მან ამერიკულ დელეგაციას განუმარტა, რა არის უკრაინისთვის პრინციპული და შეთანხმდნენ, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე.
„ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს და განწყობილი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობისთვის – უკრაინა, აშშ და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ინფორმაციით, მუდმივი კავშირი აქვს ევროპელ ლიდერებთან და უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ძალას და მხარდაჭერას მშვიდობის რეალურად მოახლოება შეუძლია, ამის დაკარგვა არ სურთ და ამასთან, ისიც იციან, რომ რუსეთში მშვიდობის რეალური სურვილი არ არსებობს. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ სანქციები გადაავადოს და ომისთვის დრო ისევ მოიგოს, ამერიკას კი შეუძლია გააკეთოს ისე, რომ ომის დასასრულებლად რუსეთის განწყობა სერიოზული გახდეს.
ზელენსკის თანახმად, ამისთვის მუშაობას გააგრძელებს და თავისი დროის ასი პროცენტი ახლა სწორედ ამას ეთმობა: „უკრაინას სჭირდება მშვიდობა და უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა მსოფლიოში ვერავინ თქვას, რომ თითქოს, დიპლომატიას ვშლით“.
ფორუმი




