ვინ გაიხარა ამ ქვეყანაში? ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ, ვერ გაიხარეს. ცოცხლადდარჩენილები – გაჭირვებისგან სულს ღაფავენ. ჩემმა თანამებრძოლებმა, რომლებიც წინა რეჟიმს ებრძოდნენ, ვერ გაიხარეს. ხალხი, რომელიც მებრძოლი სულითა და თავგანწირვით გამოირჩეოდა, გარიყული, დამცირებული და დაუფასებელია. დაფასებული მხოლოდ მლიქვნელობაა.
ლევან ჩაჩუა გავაცილეთ… და ლევანიც, ჩემი ძმა კოტეც, ჩვენი სხვა ბიჭები ისე წავიდნენ იმქვეყნად, ბედნიერი საქართველო ვერ იხილეს. არამართალი ხალხი ხარობს მხოლოდ… საქართველოსთვის სასიკეთო არც ერთ ბრძოლაში რომ არ გვინახავს, ის ხალხი… ქვეყანაში ამდენი მილიონი ტრიალებს და ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. გრცხვენოდეთ… მილიონერ ჩინოვნიკებსაც და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებულ ბიზნესმენებსაც, სინამდვილეში არც ერთ ქართულ საქმეს რომ არ დახმარებიხართ, გრცხვენოდეთ. ეს მსხვილი ბიზნესმენები, სააკაშვილი რომ გატყავებდათ, დღეს ბოლომდე გაღატაკებულები იქნებოდით, რომ არა ჩემნაირების ბრძოლა. ცოცხლები იქნებოდით კი? და ამართლეთ ახლა ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, მოიწონეთ და უკარით ტაში. ეს ის ქვეყანაა, სადაც მომავალ თაობას ძალიან ბნელ მაგალითს ვაძლევთ: მთავარია, იყო მლიქვნელი, მორგებული და გექნება ფული და თუ ფული გაქვს, ე.ი. ჭკვიანი ხარ! რა უჭკუო ყოფილა ამათ ფონზე ილია ვეკუა, სხვა დიდი მეცნიერები, რომლებსაც უზადო გონება ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ფული! მატერიალური, მიწიერი- აი, ამაზე აქვს სწორება დღევანდელ ხელისუფლებას და ესაა დამღუპველი. კიდევ… შხამიანი მაგალითია, რომ სიმართლისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი კაცი მუდმივად იტანჯება, ხოლო ბუჩქებში დამალულები ხარობენ! ვინ აირჩევს ტანჯვის გზას?… რატომ აირჩევს? ამაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ…
კიდევ მოგიბრუნდებიან და გეტყვიან: წადით ამ ქვეყნიდან, თუ არ მოგწონვართო. თქვენ წადით, ძმაო, ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ?




