ბერდია სიჭინავა – ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს – გახარიას მიმართ დევნით, „ოცნება“ ღალატობს ეროვნულ ინტერესებს და ეს არ დარჩება პასუხგაუცემელი

ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს – გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთის ოსეთის ტერიტორიას.
„გუშინ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრისას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთის ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს „ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი. ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება