სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლონდა თოლორაია ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის დახურული დაწესებულების შექმნის შესახებ.
თოლორაია აკრიტიკებს კანონპროექტს და აცხადებს, რომ ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულს “ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის”. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საჯარო მოხელეები, წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასრულწლოვანებისთვის ლიბერალური მართლმსაჯულების შექმნაზე. დაინიციირებული ცვლილებები კი ყველაფერ ამის საპირისპიროა.
თოლორაიას შეფასებით, ბავშვთა დანაშაულის პრევენციისთვის საჭიროა გამართული განათლებისა და სოციალური მომსახურების სისტემები, ასევე, ოჯახებს ეკონომიკური გაძლიერება.
“თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში. დაინიციირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბავშვები 10 წლიდან შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში (ანუ აღუკვეთონ თავისუფლება), თუ იგი ჩაიდენს დანაშაულს, რომლის მაქსიმალური სასჯელი 5 წელზე მეტია. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყანაში ქურდობას ჩადის (70-80%): მათ შორის, იპარავენ მურაბებს, ტკბილეულს. ანუ, თქვენი 10 წლის შვილი, რომელმაც ბინიდან მოიპარა მურაბა, შესაძლოა მოათავსონ დახურულ დაწესებულებაში. ეს ხელისუფლება ერთ-ერთი რითაც ამაყობდა იყო არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომლის ასაწყობად ამ ქვეყანაში ბევრმა საჯარო მოხელემ იშრომა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის. ეს არის “პრობლემის” გადაჭრის საბჭოური, ყველაზე ცუდი გზა და შეუძლებელია ეს ემსახურებოდეს ბავშვის ინტერესს. ამ პროცესიდან ბავშვი მოგებული ვერ დარჩება, ვერც გადარჩება და ვერც რეაბილიტირდება. ბავშვებს სჭირდებათ გამართული განათლების, სოციალური მომსახურებისა და მხარდაჭერის სისტემები, რაც ჩვენს ქვეყანაში არათუ წინ, არამედ უკან წავიდა და ამ ხელისუფლებამ ამ სფეროების განვითარების ნაცვლად, ეს მოიფიქრა – 10, 11, 12, 13 წლის ბავშვების დახურულ დაწესებულებაში გამოკეტვა. გამოკეტვა კი არა, დაუბრუნეთ ბავშვებს ქვეყანაში დედები, გააძლიერეთ ეკონომიურად, რომ მხოლოდ ოცნებებში არ ჰქონდეთ კარგი ცხოვრება, შესთავაზეთ ისეთი განათლების სისტემა, რომ უხაროდეთ სკოლაში წასვლა. არ ემსახურება ბავშვის ინტერესს მშობელი? განავითარეთ სოციალური სამსახური და ყველასგან (მათ შორის, მშობლისგან) მიტოვებული/უგულებელყოფილ ბავშვზე იზრუნოს სახელმწიფომ, მანამ სანამ იგი ქუჩის ცხოვრებაში ისე ჩაეფლობა, რომ გამოსავლად მხოლოდ გამოკეტვას ხედავდეთ. ასე უნდა გადაარჩინოთ ბავშვები და არა გამოკეტვით”, – წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.




