პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ისაუბრა.
“დღეს ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა. შესაბამისად, ეს ყალბი და ცრუ ცნობების გავრცელებაა. უახლოეს დღეებში სარჩელი მომზადდება და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, სასამართლოში შევა”. – თქვა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ბინძურ საქმეებს აკეთებდა, ხალხს აუბედურებდა და მათ ბიზნესებს ართმევდა.
“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ყველა პოლიტიკოსი და პარტია რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე, ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები რითი იყვნენ დაკავებული […] შეიძლება, მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი გახლდათ და პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა. ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, ხალხს როგორ აუბედურებდით და ბიზნესებს ართმევდით. შენ [მამუკა ხაზარაძე] და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები”. – თქვა კალაძემ 17 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებას თავად მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. “ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს…დანარჩენზე სასამართლოში”. – დაწერა ლელოს ლიდერმა Facebook-ზე და 2007 წლის ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კალაძე ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფება და ამბობს, რომ მისი მხარდამჭერია.