კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა.
მოქმედი რედაქციით, ნასამართლევი პირი შესაძლოა აირჩეს/დაინიშნოს საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა.
ამ ჩანაწერმა გააჩინა კითხვა – „ჯარიმის შეფარდება“ ეხება თუ არა იმ მოქალაქეებსაც, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული საქმეებია, სანქციად კი ჯარიმაა გამოყენებული?
ამ კითხვაზე პასუხი სისხლის სამართლის კოდექსშია. ნასამართლობას, როგორც სტატუსს, სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს.
ამ კანონის თანახმად ნასამართლევად ითვლება მსჯავრდებული გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
ნასამართლევის სტატუსს მნიშვნელობა აქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხების გადაწყვეტისას.
ნასამართლობისგან გათავისუფლების პირობები
· თუ დაკავებული სასჯელისგან გაათავისუფლეს ის ნასამართლევად აღარ მიიჩნევა.
· თუ მოქალაქე პირობითი მსჯავრის ქვეშაა, ნასამართლობის სტატუსი ამ ვადის გასვლის შემდეგ ეხსნება.
· მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
· ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლება აღკვეთილს – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
· მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლება აღკვეთილს – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
· განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ნასამართლობის სტატუსის მოხსნის ვადა რვა წელია.
„თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე“, – ეს ჩანაწერიცაა სისხლის სამართლის კოდექსში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ ცნობს ტერმინს ნასამართლევი. მოქალაქე, რომელსაც ამ კანონზე დაყრდნობით ჯარიმა შეუფარდეს, არა ნასამართლევად, არამედ სახდელდადებულად ითვლება.
„ნასამართლევი არის პირი, რომლის მიმართაც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე მუხლით. ნასამართლობას იწვევს დანაშაულებრივი მოქმედება და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის რომელიმე მუხლი. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული კოდექსით გაასამართლებენ, შეიძლება ეწოდოს სახდელდადებული და არა ნასამართლევი“, – განმარტავს რადიო თავისუფლებასთან იურისტი ლაშა ცუცქირიძე.
ის დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლილი ჩანაწერი მაგალითად გზის გადაკეტვის ან ნიღბის ტარების გამო დაჯარიმებულებს არ შეეხება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ სამართალდარღვევის შემთხვევები ვისაც აქვს, არავის არ ეზღუდება საარჩევნო კომისიის წევრობა.
„სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არსებობს რამდენიმე სახის სასჯელის ფორმა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა… რა სასჯელიც უნდა იყოს გამოყენებული, ადამიანი არის დამნაშავე და მაშინ უნდა შევთანხმდეთ, დამნაშავეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თუ არა, იყოს კომისიის წევრი და მათ შორის, არჩევნები ჩაატაროს კანონით გათვალისწინებული ფორმით. არა, რა თქმა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, სასჯელის სახით განაჩენში რა იქნება გამოყენებული, იქნება ეს სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა თუ პატიმრობა… იყო საკანონმდებლო ხარვეზი და გასწორდა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ფორუმი




