“სულ მგონია, რომ სიყვარულზე მარადიული მოწონებაა; ერთხელ, მახსოვს, ლიკა ქავჟარაძემ ჩაიარა… ისეთი ბედნიერება იყო – მოწონების მარადიულობაზე მიუთითებს” – გია ჯოხაძე – Marao

“სულ მგონია, რომ სიყვარულზე მარადიული მოწონებაა; ერთხელ, მახსოვს, ლიკა ქავჟარაძემ ჩაიარა… ისეთი ბედნიერება იყო – მოწონების მარადიულობაზე მიუთითებს” – გია ჯოხაძე – Marao
ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. “შადრევანი” – მოკლემეტრაჟიანი ფილმი – სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. სიცოცხლის მანძილზე ლიკამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა, საზოგადოებამ კი განსაკუთრებულად მის მიერ თენგიზ აბულაძის შედევრ “ნატვრის ხეში” განსახიერებული მარიტა შეიყვარა. ლიკა ქავჟარაძემ ასევე დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: “პეპელა”, “სათადარიგო ბორბალი”, “ოჯახი” და ა.შ.
1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ორი ქართველი მსახიობი გამოარჩია, ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოს, ხოლო ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარეს…
ბევრმა არ იცის ამბავი იმის შესახებ, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი, თავის დროზე, ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც იხსენებენ, “ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში ლიკა ქავჟარაძეც იყო მიწვეული. საფრანგეთში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს “ეიფელის კოშკის” რესტორანში აღუნიშნავს. საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, მის წინ მანქანა გაჩერდა. ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო. დელონი გაჩერდა და მასთან გამოლაპარაკება სცადა. ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ…
თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას:
“მე ღამე მოვდიოდი ქუჩაში, პარიზში. უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი და ხომ იცი, ისეთი მომენტი იყო, კონტაქტი რომ უნდოდა და… მე ჯერ ეს ერთი შემეშინდა, შევხედე და ეგრევე განვაგრძე გზა. აუ, ყველა ამბობდა ამის შემდეგ, რომ როგორ არ გაეცანი და ვერაფრით ვერ გავბედავდი.”
ამჯერად ლიკა ქავჟარაძეს ისტორიკოსი გია ჯოხაძე იხსენებს:
“სულ მგონია, რომ სიყვარულზე მარადიული მოწონებაა. ვინც ერთხელ მოგეწონათ, ის სულ მოგწონთ. ერთხელ, მახსოვს, ლიკა ქავჟარაძემ ჩაიარა და ერთმანეთს შევხედეთ. ორი ნაბიჯი რომ გავიარე, გავჩერდი და უკან მოვიხედე, ისიც იყურებოდა. ისეთი ბედნიერება იყო – მოწონების მარადიულობაზე მიუთითებს” – ამბობს გია ჯოხაძე.