შეერთებული შტატები ორპარტიულიდან გარდაიქმნება ისეთ პოლიტიკურ სისტემად, რომელიც მოიცავს ისტებლიშმენტის რესპუბლიკელებს, ისტებლიშმენტის დემოკრატებს, ალტ-მემარჯვენე პოპულისტებს და დემოკრატიულ სოციალისტებს. ნიუ-იორკის არჩეულ მერს ეს დიდი სურათი უნდა ახსოვდეს, რათა დაუპირისპირდეს ყველას, ვინც მისთვის ძირის გამოთხრას შეეცდება.
ავტორი: სლავოი ჟიჟეკი, ფილოსოფოსი
ლიუბლიანა – ემანსიპატორულმა მოძრაობებმა მთელს მსოფლიოში სამართლიანად გაიხარეს ზოჰრან მამდანის გამარჯვებით ნიუ-იორკის მერის არჩევნებში. აშკარაა, რომ დღევანდელ პოპულისტურ მემარჯვენეობას არ აქვს მონოპოლია ხალხის მობილიზებისა და ახალი ან იმედგაცრუებული ამომრჩევლების მოზიდვის უნარზე. დემოკრატიულ სოციალისტებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
მაგრამ, როგორც მამდანიმ კარგად იცის, მის გამარჯვებას ეკონომიკური და ფინანსური საბოტაჟის მცდელობები მოჰყვება. აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს – როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების „ღრმა სახელმწიფოს“ – ფუნდამენტური ინტერესი აქვს, რომ მისი მერობა ფიასკოდ იქცეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავად მოუწოდებდა ნიუ-იორკელებს, ხმა მიეცათ მამდანის მთავარი კონკურენტისთვის, ნიუ-იორკის ყოფილი დემოკრატი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოსთვის. მამდანის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ტრამპისეული პოპულისტები და მეინსტრიმული დემოკრატები უეცრად ერთ ენაზე ალაპარაკდებიან. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მამდანი წარუმატებლად წარმოაჩინონ. ტრამპის შემთხვევაში, ეს შეიძლება გულისხმობდეს კიდევ ერთ „საგანგებო“ მდგომარეობის გამოცხადებას ეროვნული გვარდიის გაგზავნის გასამართლებლად.
მემარცხენეებისთვის, ეს არ არის მხოლოდ მოქმედების მომენტი, არამედ დრო იმისთვის, რომ დაფიქრდნენ უფრო დიდ სურათზე. შეერთებული შტატები ორპარტიულიდან გარდაიქმნება ისეთ პოლიტიკურ სისტემად, რომელიც მოიცავს ისტებლიშმენტის რესპუბლიკელებს, ისტებლიშმენტის დემოკრატებს, ალტ-მემარჯვენე პოპულისტებს და დემოკრატიულ სოციალისტებს. უკვე შეინიშნება ახალი კოალიციების საფუძვლები, რომლებიც ძველი პარტიული ხაზების მიღმაც გადადის. ჯერ კიდევ 2020 წელს, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტად ზომიერი რესპუბლიკელი წარედგინა, ხოლო სტივ ბენონმა, ტრამპის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა, ბერნი სანდერსის, დამოუკიდებელი დემოკრატი სოციალისტი სენატორის, მხარდამჭერებს მოუწოდა, ხმა ტრამპისთვის მიეცათ მას შემდეგ, რაც დემოკრატიულმა პარტიამ ბაიდენი წარადგინა.
დიდი განსხვავება ისაა, რომ მაშინ, როდესაც ტრამპის პოპულიზმის ბრენდმა ადვილად მიაღწია ჰეგემონიას რესპუბლიკურ ისტებლიშმენტზე (ეს იყო აშკარა მტკიცებულება, თუ ვინმეს სჭირდებოდა, რომ მისი ზრუნვა ჩვეულებრივ მუშებზე სიყალბე იყო), განხეთქილება დემოკრატიულ პარტიაში სულ უფრო ძლიერდება. მართლაც, ბრძოლა დემოკრატიულ ისტებლიშმენტსა და სანდერსის ფრთას შორის არის ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლა შეერთებულ შტატებში დღეს. როგორც „გარდიანის“ (The Guardian) ემა ბროკესი წერდა: „მამდანის ყველაზე დიდი საფრთხე დონალდ ტრამპი კი არა, დემოკრატების ძველი გვარდიაა.“
ჩვენ საქმე გვაქვს ორ ანტაგონიზმთან („წინააღმდეგობასთან“): ერთი ტრამპსა და ლიბერალურ ისტებლიშმენტს შორისაა, ხოლო მეორე – დემოკრატიული პარტიის სანდერსის ფრთასა და ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას შორის. ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები მისი პირველი ვადის განმავლობაში იყო ისტებლიშმენტის სასოწარკვეთილი მცდელობები, აღედგინათ მორალური ლიდერობა და სანდოობა; მაგრამ ეს ყველაფერი ჰიპოკრატული კომედიის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან ისტებლიშმენტის ნაკლოვანებებიც გამოაშკარავდა. ტრამპის ღია უხამსობამ უბრალოდ გამოიტანა ის, რაც უკვე არსებობდა.
სანდერსის ბანაკი ამას ნათლად ხედავს. მან იცის, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არის, რომ ამერიკული პოლიტიკური ცხოვრება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. მამდანიმ გაიმარჯვა, რადგან მან მემარცხენეებისთვის გააკეთა ის, რაც ტრამპმა მემარჯვენეებისთვის. მან ნათლად გამოხატა თავისი რადიკალური პოზიცია ცენტრის დაკარგვაზე ფიქრის გარეშე.
მაგრამ ოთხი ძალა, რომელიც ახლა არსებობს აშშ-ის პოლიტიკაში, ერთ დონეზე არ არის. ორი მომაკვდავი პარტია (ძველი მეინსტრიმული რესპუბლიკელები და დემოკრატები) ინერციით არიან დატყვევებულნი, ქვეყნისთვის სერიოზული ხედვის გარეშე, მაშინ როდესაც ტრამპისეული პოპულისტები და დემოკრატი სოციალისტები რეალურ პოლიტიკურ მოძრაობებს წარმოადგენენ. ამ კონტექსტში, ერთადერთი მართლაც მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება ტრამპსა და დემოკრატიულ სოციალისტს შორის გამართული კენჭისყრა.
მაშ, უნდა გამოეყონ თუ არა დემოკრატი სოციალისტები ოფიციალურად დემოკრატიულ პარტიას? მე რჩევას მივცემდი პრინციპულ პრაგმატიზმზე: ფოკუსირება გააკეთეთ იმ ცენტრალურ მიზნებზე, რომლებიც თქვენს გადარჩენას ეხება, და შემდეგ დაუშვით ყველაფერი, რაც ამ მიზნების წინსვლის პერსპექტივას აჩვენებს. ეს ნიშნავს საარჩევნო დემოკრატიის მიღებას, როდესაც საარჩევნო დემოკრატია მუშაობს, მაგრამ ასევე სახალხო მობილიზაციას ან თუნდაც უფრო რადიკალურ მეთოდებს, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს.
იმის სანახავად, თუ რას ვგულისხმობ, გავიხსენოთ ბოლო მაგალითი. ივლისში ტრამპთან დრამატული დაპირისპირების შემდეგ, ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ აპირებდა „ამერიკის პარტიის“ შექმნას. მასკი, რომელიც აშშ-ში არ დაბადებულა და ამიტომ არ შეიძლება გახდეს პრეზიდენტი, ცდილობდა ტრამპზე უკეთესი ყოფილიყო, პოპულიზმზე ტექნო-ფეოდალიზმის უპირატესობის მინიჭებით. საბოლოოდ, პროექტი არ განხორციელებულა.
ამის საპირისპიროდ, ზარა სულთანას და ჯერემი კორბინის ახალ მემარცხენე პარტიას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში აქვს პერსპექტივა, ზოგიერთი გამოკითხვით კი ჩანს, რომ ახალგაზრდების და ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი მზადაა, მხარდაჭერა მათკენ გადაიტანოს. თუმცა, გაურკვევლობა რჩება, და როგორც მემარცხენე პარტიას შეეფერება, ორმა ლიდერმა დაუყოვნებლივ დაიწყო საჯარო კამათი.
მართლაც მნიშვნელოვანი არჩევნები დიდ ბრიტანეთში იქნებოდა ნაიჯელ ფარაჯის ულტრა-მემარჯვენე პარტიასა (Reform UK) და ახალ მემარცხენეებს შორის, ხოლო ინერტული ლეიბორისტული პარტია ექსცენტრულად მომაკვდავ კონსერვატორებს შეუერთდებოდა ზღვარზე. მართალია, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პირდაპირი დაპირისპირების შემთხვევაში, ფარაჯი გაიმარჯვებდა, ისევე როგორც ბორის ჯონსონმა აჯობა კორბინს 2019 წელს. მიუხედავად ამისა, კორბინმა მაინც მოახერხა ლეიბორისტული პარტიის დროებით ხელში ჩაგდება, რითაც მთელი ისტებლიშმენტი შეძრა.
საბოლოო ჯამში, არ არსებობს პრინციპული პასუხი, როდესაც საქმე საუკეთესო სტრატეგიის არჩევას ეხება. ზოგჯერ, უნდა სცადო დიდი წამყვანი პარტიის ხელში ჩაგდება; ზოგჯერ, განხეთქილება აუცილებელია. ვფიქრობ, მამდანი მართალი იყო, რომ ამ დროისთვის დემოკრატიულ პარტიაში დარჩა, რადგან ამან მას საშუალება მისცა, მობილიზება გაეწია მისი სახალხო ბაზისთვის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. მას რომ სამ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მარტო ეცადა ბრძოლა, წააგებდა.
ახლა, როდესაც მან გაიმარჯვა, მამდანიმ მტკიცედ და მიზანმიმართულად უნდა დაიწყოს ნიუ-იორკის შტატის დემოკრატიული პარტიის ხელში ჩაგდება, პარალელურად კი დაამყაროს კავშირების ქსელი დემოკრატ სოციალისტებთან აშშ-ის მასშტაბით და – სანდერსის რჩევის თანახმად – დახვეწილად მიმართოს იმედგაცრუებულ დაბალშემოსავლიან მუშებსა და ფერმერებს, რომლებმაც ტრამპს მისცეს ხმა. პროექტის მომავალი, რომელსაც მამდანი განასახიერებს, იმედგაცრუებული ტრამპის ამომრჩევლების გადმობირებაშია და არა ინერტული ცენტრის მოგებაში. მხოლოდ რადიკალ მემარცხენეს შეუძლია მოიპოვოს მუშათა კლასის ტრამპის ამომრჩევლები – ამომრჩეველთა წრე, რომლის უნდობლობა ისტებლიშმენტის მიმართ სრულებით გამართლებულია.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.




