დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა, რასაც „ბათუმელები“ ავრცელებს:
„ბატონო მოსამართლეებო!
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის ძალადობას მოქალაქეზე.
მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი ვერ იქნება დამნაშავე.
დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს აძლევს ინსტიტუციურ ძალადობას. ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდეაც სასამართლო ამის უფლებას იძლევა.
ბატონო მოსამართლეები, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სისტემამ შეწყვიტა სამართლიანობა. ეს ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
დიახ, ამ ქვეყანაში სისტემამ დიდი ხანია შეწყვიტა სამართლიანობა.
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის დოკუმენტს, მხოლოდ განაჩენია და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ქვეყანას. ეს განაჩენი განაპირობებს, თუ როგორი იქნება ეს ქვეყანა სავარაუდოდ ბევრი წლის განმავლობაში.
კანონი მარტივია, სადაც არ არის დანაშაული, არ უნდა იყოს სასჯელი.
მოვითხოვ არა შეწყალებას, არამედ გამართლებას – ეს არის ერთადერთი სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
მინდა მჯეროდეს, რომ კანონი თქვენთვის მხოლოდ ტექსტი არ არის,” – ამ სიტყვებით დაასრულა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა.




