შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ნაწილი შესაძლოა, ამერიკულმა ენერგოკორპორაცია „შევრონმა“ იყიდოს.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „შევრონი“ განიხილავს შეძენის ვარიანტებს „ლუკოილის“ იმ უცხოური აქტივების, რომლებსაც გადაკვეთა აქვთ თავად „შევრონის“ აქტივებთან.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების პოტენციურ მყიდველებს გასულ კვირაში მისცა ამ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების ნებართვა.
Reuters-ის ინფორმაციით, „ლუკოილის“ აქტივებით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ფონდი Carlyle-ც.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად კრემლთან მოლაპარაკებების გამო თავს იკავებდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, 2025 წლის 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ სტრუქტურებს.
შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვა გადაწყვიტა. რუსული კომპანია ევროპაში ფლობს სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყაზახეთის, უზბეკეთის, ერაყის, მექსიკის, განის, ეგვიპტის და ნიგერიის ნავთობის საბადოების წილებს და ასეულობით ბენზინგასამართ სადგურს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში.
ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენა სურს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია Gunvor-ს, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, მილიარდერ ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოსთან. ნოემბრის დასაწყისში კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა აშშ-ის წინააღმდეგობის გამო.
7 ნოემბერს შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკაფიოა – უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ამიტომ სანამ პუტინი მკვლელობებს განაგრძობს, „კრემლის მარიონეტი” Gunvor-ი ვერ მიიღებს საქმიანობის და მოგების მიღების ლიცენზიას.
ფორუმი




