“ციხიდან ვაგრძელებ ბრძოლას თავისუფალი მედიისთვის” – აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტი

„Meydan TV“-ის ჟურნალისტი ნურლან ლიბრე ბაქოს ციხიდან წერს, რომ მიუხედავად დაკავებისა, არ ნანობს ბრძოლას სიმართლის გასავრცელებლად და დარწმუნებულია, რომ ისტორია მის თავდადებას დაფასებს.
ნურლან ლიბრე წერს, რომ ციხეში გატარებული დრო მისთვის ფიქრის საშუალებაა – ვინ არის, რატომ არის აქ და აქვს თუ არა მნიშვნელობა ბრძოლას თავისუფალი მედიისთვის. მისი შეფასებით, 2003 წლიდან ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სისტემატურად ნადგურდება, მედია გამოცემები იხურება, თუმცა ჟურნალისტები და აქტივისტები ყველაზე მძიმე დღეებშიც ოპტიმიზმს არ კარგავენ და მათ ისტორიაში შესაბამისი ადგილი ექნებათ.
ჟურნალისტი მადლობას უხდის ხელისუფლებას, რომ სამუდამოდ არ დაადუმა ისინი და 8-12 წლამდე პატიმრობით საშუალებას აძლევს გადარჩნენ.
„ვაგრძელებ წერას ციხიდან! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას! Meydandayıq!“ – ამბობს ნურლან ლიბრე.
ნურლან ლიბრეს (გახრამანლი) ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის 206.3.2 მუხლით, რაც გულისხმობს გუნდურად განხორციელებულ კონტრაბანდას. გამოძიების მიხედვით, ბრალდება უკავშირდება მის საქმიანობას „Meydan TV“-ში, თუმცა თავად ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეალური მიზეზი მისი კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობაა ხელისუფლების მიმართ.