თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შეფერხების საპროტესტოდ აქცია-პერფომანსი გამართეს.
მათ ადგილზე მიიტანეს ტალახი, რომელიც მათი თქმით, არის „კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე“.
„წერეთლის გამზირიდან კახა კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება მოვიტანეთ. აი, ამ ტალახის გავლა წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს უწევთ. თავდაპირველი დაპირება იყო, რომ პროექტი 2023 წელს დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ “ქართული ოცნების” შემომწირველები იყვნენ, ესენი არიან ფავორიტები ხელისუფლების. ეს კომპანიები წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” ფულს სწირავენ. ეს ტალახი არის კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე. აი, ამ მმართველების სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს კახა კალაძეს შევუტანთ. ეს ტალახი დაიდოს და საკუთარ დანაშაულს უყუროს“, – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან – შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან და შპს “ერ ტე დე”-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.