ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა – ემიგრანტები

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პლატფორმა Earthoba „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მათთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს წარმოადგენს.
ემიგრანტები საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ, რომ გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად.
„ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა! ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით! ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგია!
სამართლებრივი არგუმენტები:
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 5 (2) : სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვას.
მუხლი 28 (1) : საქართველოს მოქალაქეს აქვს ხმის მიცემისა და არჩევის უფლება.
მუხლი 28 (2) : ხმის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებით – ტერიტორიული საფუძველი ან უცხოეთში ყოფნა ასეთი შეზღუდვის საფუძველი არ არის.
მუხლი 29 (1) : ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და არ შეიძლება დისკრიმინაცია სოციალური ან სხვა სტატუსის საფუძველზე, მათ შორის – საცხოვრებელი ადგილით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
მუხლი 7 : საგარეო რაიონში შექმნილი უბნები სრულფასოვანი საარჩევნო უბნებია.
მუხლი 8 : საელჩოებში, საკონსულოებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ორგანიზებული არის სახელმწიფოს ვალდებულება.
საერთაშორისო სამართლის ნორმები :
ICCPR – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი
მუხლი2 : სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ყველა უფლების რეალიზება დისკრიმინაციის გარეშე საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე.
მუხლი 25(b) : ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და იქნეს არჩეული „განსხვავების გარეშე“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (პროტოკოლი №1, მუხლი 3)
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი ისე, რომ არ შეიზღუდოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება არასამართლიანი ან დისკრიმინაციული კრიტერიუმით.
ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენცია
მუხლი 21-22 : საელჩოებისა და საკონსულოების შენობებს აქვთ ექსტერიტორიული სტატუსი, ანუ იქ მოქმედებს მიმღები სახელმწიფოს ნაცვლად წარმგზავნი სახელმწიფოს – საქართველოს იურისდიქცია.
მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, -ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინტიტუციებს – გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანიმართული დარღვევა, ადამიანის ფუნდამენტალური უფლების გათელვა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!
საქართველოს დიასპორა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ყველგან ვართ! ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს!“, – ნათქვამია ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პლატფორმა Earthoba-ს განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში, ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.
ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ. ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა. თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი. ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა) საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:
· 2016 წელს – 39,6% (ეროვნულ დონეზე 48,68%)
· 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე 48,22%)
· 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).
· „ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს