ირაკლი კუპრაძე – იმდენად მარგინალიზდა ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა – მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურში გადანაცვლება წყალია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ისტორიაში ყველაზე კორუფციულია

„ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა – მისი გადანაცვლება აუდიტის სამსახურში წყალია მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის შეფასებით, რაჟდენ კუპრაშვილი „მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა“.
„ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა უმნიშვნელოვანესი ორგანო, ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა, ამ წლების განმავლობაში არ გამოუძიებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლების არც ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა და საქმე. ეს არის „კარმუშკა“ პარტიული მუშაკებისთვის, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის ინტერესს. მისი გაუქმება, გადანაცვლება აუდიტის სამსახურში და ა.შ., არის წყალი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა. არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, მომდევნო ხელისუფალი, მომდევნო კოალიციური მმართველობა ვალდებული უნდა იყოს, რომ შექმნას რეალური, ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, რომელიც გამოიძიებს განსაკუთრებით, წარსულში ჩადენილ კორუფციულ საქმეებს. საქმეებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩადის“, – განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.