საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად, პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება, პარლამენტში ინიცირებულია

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად, პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიები უმჯობესდება, პარლამენტში ინიცირებულია.
ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.
კანონის პროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალური გარანტიები იზრდება. კერძოდ, ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში – ნაცვლად 15 000 ლარისა, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული – 5 00 ლარისა, 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ცვლილებების თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც იზრდება. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა, 20 000 ლარი გადაეცემა, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, “პოლიციის შესახებ“ კანონს ემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც აქამდე არ არსებობდა. როგორც შს სამინისტრო განმარტავს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მას ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება 1-წლიანი საშვებულებო ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით.
ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება 4 თვით მიეცემა, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე, ხოლო სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით.
ანალოგიური ცვლილებები “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რათა იგივე გარანტიებით მეხანძრე-მაშველებმა ისარგებლონ.