თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანტიკორუფციულ ბიუროს “გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო” უწოდა.
ასე ეხმაურება კალაძე ანტიკორუფციულის გაუქმებას. მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულება აუდიტის სამსახურში შევა, მას დაექვემდებარება და ამ ფორმით განაგრძობს მუშაობას.
“ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას ახსენდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციის გამოვლენის ფაქტი, კალაძემ უპასუხა:
“ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით, იმიტომ რომ, ჩემი საქმით ვარ დაკავებული და ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ დღეს, ხვალ, ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის”.
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა.
“ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა აუდიტის სამსახურს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს შეიქმნა. მისი პასუხისმგებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად, საჯარო დაწესებულებებში სავარაუდო კორუფციულ საქმიანობის გამოვლენაა. ასევე, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციებისა და პარტიების ფინანსური დოკუმენტების მონიტორინგი.
“ქართული ოცნება” ახალი სსიპ-ის [საჯარო სამართლის იურიდიული პირი] შექმნას ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მოტივაციით ხსნიდა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პირობებიდან ერთ-ერთ, მე-4, სწორედ კორუფციის პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას გულისხმობდა.
თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ფიქრობდა, რომ ამ დათქმის შესასრულებლად სახელმწიფოს უფრო ქმედითი და რეალურად ხელშესახები ნაბიჯები უნდა გადაედგა, ვიდრე “მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფაა”.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ბიუროს მიმართ მისი შექმნისთანავე გაჩნდა, ეხება მის დამოუკიდებლობას. მართალია, უწყება ოფიციალურად პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, თუმცა მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ბიუროს ერთადერთი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წელს სწორედ მაშინდელმა პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.
ამავე თემაზე:
· რატომ შეიქმნა და რას (არ) საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო




