პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ბიზნესომბუდსმენის სამსახურები უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კიდევ ერთი ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.
„რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
დღესვე მან დააანონსა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება.
„საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას და ეფექტიან მართვას“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.