სანდრო თვალჭრელიძე – “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”
მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად – რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას
გია ხუხაშვილი – “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”
“ზოგადად რომ შევაფასოთ ვითარება, გეტყვით, რომ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის მზარდი ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდები. რატომღაც ხელისუფლებაში მოსულ პირებს ისტორია ავიწყდებათ და სწორედ იმავე შეცდომებს იმეორებენ, რისი მსხვერპლიც, ადრე თუ გვიან, თვითონვე ხდებიან. პირველი კომუნისტური ტერორი ჯერ კიდევ 1918 წელს ტროცკიმ დაიწყო, რომელსაც შემდგომ თვითონვე ემსხვერპლა. შემდგომ იყო იაგოდას, ეჟოვის, ბერიას სასტიკი რეპრესიები – ბოლოს სამივე დახვრიტეს. გაიხსენეთ, ჰიტლერის ანგარიშსწორებაც, რომელსაც “გრძელი დანების ღამე” ეწოდა და როდესაც ერთ ღამეში მთელი თავისი მიუნხენიდან წამოსული გარემოცვა გაანადგურა. ყველა ავტორიტარული რეჟიმი თითქმის ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ეს ხდება საქართველოშიც. ისე, დღევანდელ მთავრობას ვეტყოდი, ფრთხილად იყვნენ, მალე მათი დროც არ მოვიდეს”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში”.
“ცოტა სასაცილოა გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შს მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს “საშინელი დანაშაულები” ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას, სხვათა შორის, როგორც “ოცნება” იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ. ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ, ამაში “ოცნების” იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები… ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა? ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თუ გახარიამ უნდა აგოს პასუხი 20 ივნისის ან ჩორჩანის ეპიზოდზე, რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმჟამადაც და ახლაც ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე მყოფმა პირებმა? ივანიშვილი ინტერვიუში 2024 წელს ამტკიცებდა, გახარია ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ახლაც “ნაციონალურ მოძრაობას” დაბრუნებაში ეხმარებოდაო, მაშინ მაინტერესებს, უკვე ამდენი “დანაშაულის?” ჩამდენი გახარია რატომ დააწინაურეთ პრემიერ-მინისტრად? მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მოვისმინე ვერც ივანიშვილისგან და ვერც სხვებისგან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“როცა გახარიაზე ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოა, გახარია ივანიშვილის პირადი, კორპორაციული თუ იდეოლოგიური მტერია. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარი ავტორიტარული მიზნებისთვის მზად არის გაწიროს ყველა და ყველაფერი. რა, ივანიშვილის უახლოესი პირი არ იყო ღარიბაშვილი ან ლილუაშვილი? დაახლოებით ასეთი პროცესია, როცა “კატოკს” დაღმართზე უშვებ, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია, ის ყველას გადათელავს, იმასაც, ვინც ქვემოთ მოყვა, და იმასაც, ვინც ჯერ ზემოთ ზის. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში. მე უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ საღამოობით ნახევარ საათს მაინც ვუთმობ ახალი ამბების გაცნობას, ძირითადად, იმისთვის, რომ გავიგო, იმ დღეს ვინ დაიჭირეს… აი, ასეთი არანორმალური ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია უკიდურესად უსუსურია, არც ორგანიზაციული და არც იდეური სიახლეები მის ფლანგზე არ ჩანს. შესაბამისად, ამდენს ამიტომაც ბედავს “ქართული ოცნება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რომ გადავხედოთ ისტორიას, ყოველი ახალი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას კორუფციასთან ბრძოლით იწყებდა და ბოლოს თვითონ ხდებოდა კორუმპირებული. ვფიქრობ, ახლა “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს კორუფციასთან ბრძოლით, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც მოჰყვეს, რადგან კორუფციას სისტემურად არავინ ებრძვის, ეს არის რიგი ჩინოსნების დასასჯელად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ფასადური ბრძოლა. კორუფციის სრულად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მისი რეციდივები ყველა წამყვან ქვეყანაშია, თუმცა ჩვენთან და ჩვენისთანა ქვეყნებში პრობლემა მის სისტემურობასა და მასშტაბშია. ვუშვებ ნამდვილად, რომ მოპარული ფულის დაბრუნების სურვილს შესაძლოა დაემთხვა ვიღაცის გულწრფელი სურვილიც, რომ ებრძოლოს კორუფციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მალე ამ მებრძოლებს თვითონ წაუცდებათ იოლად ფულის შოვნაზე ხელი. აქვე ვიტყვი, რომ სანამ საქართველოში ტენდერების ჩატარების შესახებ კანონმდებლობა არ შესწორდება, მანამდე კორუფციის მასშტაბის შემცირება გამორიცხულია, რადგან ეს არის უზარმაზარი კორუფციული სქემების შექმნის მანქანა”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ჩემი დაკვირვებით, სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა “ბუშტები” სკდება, რის შედეგადაც რაღაცები შეიძლება ვივარაუდოთ. მარჩიელობას ვერ ვიტან, მაგრამ ერთი ცხადია, ამ ეტაპზე ძალაუფლების მქონე ზოგიერთ პირს კახა კალაძის წაქცევა სურს. მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მყოფი პირის ციხეში გასაშვებად საფუძვლის მოძებნა არ გაჭირდება, თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოთ. წესით, მალე უნდა ვნახოთ ამ ბრძოლების შედგები. აქვე ვიტყვი ერთსაც – როგორც წესი, კორუფცია ზემოთ ტივტივს იწყებს მაშინ, როდესაც ძალაუფლება ლპობას იწყებს. სურთ რაც შეიძლება ბევრი ფული “მოტეხონ” და გაიქცნენ, რადგან მოქმედ გუნდთან ერთად მომავალს ვერ ხედავენ ხოლმე. ასე ხდებოდა კომუნისტების, შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს. მე დღესაც ამგვარ ნიშნებს ვხედავ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე კორუმპირებული ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც კორუფციას ყველაზე მეტად ებრძვის. ჩვენ ისევ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ერთი ჩემი მეგობარი ცოლზე იყო გაბრაზებული და ასეთ რამ თქვა, ყველა ცოლი ერთნაირია, მხოლოდ სხვადასხვა სახელი ჰქვიათო. ამ ჩვენი ხელისუფლებების საქმეც ასეა, აქტორები ერთნაირები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქვიათ”, – ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“ძალიან გადავრჩით, რომ სამტრედი ხიდი ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩაინგრა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, დიდ მსხვერპლს ვერ ავცდებოდით. სამართალდამცავებს კი ორ წელზე მეტი დასჭირდათ ამ საქმის გამოსაძიებლად, მაშინ, როდესაც ყველაფერი ხელისგულზე იდო. ძალიან ბევრი ფული კეთდება მშენებლობის ნებართვების გაცემაშიც. კარგად მახსოვს, როდესაც რიკოთის უღელტეხილის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყებოდა, უნდოდათ გეოლოგიური სამუშაოები ჩვენი კომპანიისთვის შეეკვეთათ, მაგრამ როდესაც ვუთხარით, რამდენი გასაბურღი სამუშაო იყო ჩასატარებელი, რომ ნორმალური დასკვნა დაგვეწერა, არ მოეწონათ, წავიდნენ და გეოფიზიკური სამუშაოები ჩაატარეს. ამაში თავიდანვე იყო ჩადებული კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ იმ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც მშენებლობაში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდნენ. ეს მრავალსაფეხურიანი სქემაა. მათ შორის ბევრი კითხვაა აზიის განვითარების ბანკთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე პროექტში მონაწილეობაზე პირადად მე უარი ვთქვი, მათ შორის თერმულ წყლებზე თბოსადგურის დაპროექტებაზე, იმიტომ, რომ მასშიც რაღაც არასასიამოვნო ტენდენციები შევნიშნე”, – განმარტავს რესპონდენტი.
“რაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, სრულიად უნიკალური მოვლენაა, რასაც მსოფლიოში პრეცედენტი არა აქვს. მე არ მინახავს არც ერთი სახელმწიფო, სადაც საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტხანს გაგრძელებულიყოს…. ოპოზიციამ ვერაფრით მოახერხა საზოგადოებაში არსებული ძალიან უარყოფითი განწყობების კონსოლიდაცია და პროტესტის წინამძღოლობა. ისინი ამ აქციების რიგით მონაწილეებად დარჩნენ. მათგან არც იდეები გვინახავს ამ ხნის განმავლობაში, არც ინიციატივა. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი მათ უმოქმედობას, მათი ნაწილი ციხეში გამოკეტა. მაგალითად, 4 ოქტომბერი კარგად მომზადებული სახელისუფლებო პროექტი იყო, რათა ეს ადამიანები დაეკავებინათ. თუ უახლეს ისტორიას დავაკვირდებით, ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როდესაც ერთი პირის გარშემო ხდებოდა გაერთიანება და ეს ადამიანი ახალი სახე იყო ხოლმე. საზოგადოების დიდ ნაწილს “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ მის ალტერნატივას ვერ ხედავს, არ იცის, ვინ შეიძლება შეცვალოს. ვიდრე ახალი ადამიანი არ გაჩნდება, რომელიც მიზიდულობის ცენტრს შექმნის და ახალ პროექტს შემოგვთავაზებს, საუბედუროდ, ეს ძირმომპალი ადმინისტრაცია დარჩება ხელისუფლებაში”- დაასკვნის ექსპერტი.
“რაც შეეხება ერთწლიანი პროტესტის პოზიტიურ მხარეებს, უპირველესად ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ ქართველი დიქტატურას არ შეეგუება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რაც არ უნდა შემზღუდავი და რეპრესიული კანონები მიიღოს, პროტესტი არსად გაქრება, სულ იარსებებს, ვიდრე “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ წყნარად ვეღარასდროს იქნებიან. ქართველი კაცის ნება, მისი შეუპოვრობა, ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მაგალითია და თანაც ჩვენი ევროპული არჩევანის დემონსტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს პროტესტი უკიდურესად კულტურულია, რამდენიმე მცირე ინციდენტის გარდა. არც ერთი ვიტრინა არ ჩატეხილა, არც არაფერი დამწვარა, არც არავინ გაუძარცვავთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმგვარი სისულელით, რასაც ესენი “დიპ სტეიტს” ეძახიან და კაცმა არ იცის, ეს რა ჯანდაბაა, საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ “აბოლებენ”. დასასრულ გეტყვით ერთსაც – ცარიელი ადგილი არასდროს რჩება ამოუვსები. ეს არის თერმოდინამიკის კანონი, რომელიც საზოგადოებაზეც ვრცელდება. ნელ-ნელა აუცილებლად გამოჩნდება ალტერნატივა, ოპოზიციას კი ვურჩევდი უკვე დაიწყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად – რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას
“ბოლო დღეებში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფორმა შეიცვალა. აქციის მონაწილეები, რუსთაველზე დგომისა და პერიოდულად გზის გადაკეტვის მცდელობის ნაცვლად, ახლა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე მართავენ მსვლელობებს. მათ პერიოდულად პოლიციასთან მოსდით დაპირისპირება. რატომ შეცვალეს ტაქტიკა და რას აძლევს ეს მათ? 15 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მეტრო “რუსთაველის” მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ. ამასთან, პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც “საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსვლელობა ქალაქში ერთ ადგილზე დგომისა და ქუჩის გადაკეტვის ნაცვლად – რა შედეგი ექნება აქციების ახალ ფორმას.
“მსგავსი მსვლელობები გაიმართა წინა დღეებშიც და როგორც ჩანს, ეს ეს პრაქტიკა ახლო მომავალშიც გაგრძელდება. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, პროტესტანტების მიერ გეგმის შეცვლის მიზეზი შიშია. ხოლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ გამკაცრებულმა სანქციებმა აიძულა პროტესტის მონაწილეები, რომ ტაქტიკა შეეცვალათ. “ხომ გაგიგიათ, შიშს დიდი თვალები აქვსო… შემოელიათ ხალხი, რომელიც 5-10-დღიან ციხეზე მიდიოდნენ. ახლა არავის უნდა ერთწლიანზე წასვლა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს ფორმატი. მეტი ახსნა ამას არ აქვს. არ არიან მზად ციხეები მოიხადონ. ასე რომ, აქ მხოლოდ და მხოლოდ შიშია. რა თქმა უნდა, ამას არავითარი შედეგი არ ექნება”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ, რომლის თქმით, “ახლა მიდის ბრიუსელიდან მიღებული ფულების ათვისება ასე ქუჩა-ქუჩა ხეტიალით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შეცვლილი გეგმა პროტესტანტებს აძლევს იმას, რომ ხელისუფლებას ნაკლები საფუძველი ექნება დააპატიმროს მონაწილეები და აღძრას სისხლის სამართლის საქმეები. აქამდე გზის გადაკეტვაზე მკაცრი სანქცია იყო და შემდეგ უკვე, მეორე მცდელობაზე, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის საქმე იწყებოდა. ამასთან, დიდი საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული. ამ ყველაფერს მომიტინგეებმა დაუპირისპირეს მსვლელობა გზის გადაკეტვის ნაცვლად. აქედან გამომდინარე, ხალხის რაოდენობა არ იცვლება და პროტესტი გრძელდება. ყველა აცნობიერებს, რომ ასე თუ გადაადგილდებიან, ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას. თუმცა, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება. ტაქტიკა კი შეიცვალა, მაგრამ მიზანი დარჩა იგივე. მნიშვნელოვანია, რომ ამას სხვა ფაქტორებმაც შეუწყოს ხელი. მაგალითად, “ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებამ. ასევე გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს, აშშ-მა კიდევ უფრო მეტი დაინტერესება უნდა გამოხატოს საქართველოს მიმართ. ამას პლუს ქვეყნის შიგნით ძლიერი მოძრაობა უნდა შეიქმნას, რომელიც მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ “ოცნება” შესაცვლელია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
გია ხუხაშვილი – “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”
“პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესი კანონზომიერი და ლოგიკურია იმ სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებას აქვს – საქართველოში უნდა დამყარდეს რუსული მოდელის ავტოკრატია, რომელსაც რუსეთში, რა თქმა უნდა, არ უწოდებენ ავტოკრატიას, სუვერენულ დემოკრატიას ეძახიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტური ოპოზიცია პოლიტიკის ლეგალურ სივრცეში. იმისათვის, რომ ეს მოდელი დაამყარო, პოლიტიკური ველი უნდა გაასუფთაო, გაწმინდო ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამ თამაშის წესებს არ ეთანხმებიან. და როგორ უნდა გაასუფთაო? უნდა გამოიყენო მართლმსაჯულების მექანიზმები, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. ვინც არ ემორჩილება, მას უკერავენ იმ ტიპის საქმეებს, რომლებითაც იძულებით გაგყავს ისინი ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და გადაგყავს ე.წ. არასისტემური, არაინსტიტუციური ოპოზიციის რანგში”, – აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჯერ გამოაქვთ ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ”.
“გახარიაზე საქმეების აღძვრა, მინიმუმ, იმას ემსახურება, რომ ის არასდროს ჩამოვიდეს საქართველოში. ნელ-ნელა პოლიტიკური ძალა, რომელიც პირადად მასთან ასოცირდება, ეფექტურად ვეღარ იფუნქციონირებს – ეს არის ამოცანა. პარალელურად, ვინც მისი პარტიიდან აქ დარჩება, შეეცდებიან გადაიბირონ, შეიძლება ვიღაც დაიჭირონ, ვიღაცასთან მოილაპარაკონ, რომ დათანხმდეს ამ თამაშის წესებს… სააკაშვილი კი მუდმივი კატათაგვობანას თამაშის ელემენტია. ახლა სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს და ამას ურთავენ პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის, რატომღაც შემოიტანეს დასავლეთის თემაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, ბრიუსელმა უნდა გადაიხადოს მისი საავადმყოფოში ყოფნის ხარჯებიო. ეს ნონსენსია, აბსურდი. თუ სააკაშვილი ავად იყო და ამიტომ მკურნალობდნენ, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა – პატიმარს, რომელიც ავად არის, უნდა უმკურნალო. თუ ავად არ იყო და ჯანმრთელ ადამიანს წამლებით ჭყიპავდნენ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და რა შუაშია ბრიუსელი?” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თუ პაპუაშვილი ამას იმიტომ ამბობს, რომ სააკაშვილი ავად არ იყო, მაგრამ საავადმყოფოში ჰყავდათ და ამას ვიღაცას აყვედრის, გამოდის, ჯანმრთელ ადამიანს წამლებს ტყუილად ასმევდნენ. გარდა ამისა, ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ურჩევნიათ, ვილაპარაკოთ იმაზე, სააკაშვილი აქედან სად წაიყვანეს და იქიდან სად გადმოიყვანეს, რასაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არა აქვს; ან იმაზე, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოსვლისას თურმე მაცივარი გამოიტანა და მერე სამი დღე ამ თემაზე ვსაუბრობთ. ხელისუფლებას აქვს სტრატეგიული გეგმა, მაგრამ, იმავდროულად, იყენებს ყოველდღიური პრობლემების გადაფარვის ტექნოლოგიას. მუდმივად ქმნის საინფორმაციო ქაოსს და ამ ქაოსში გვაცხოვრებს. ამასობაში დრო გადის”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩადო ღარიბაშვილმა გირაოში. უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ რა პროცესთან გვაქვს საქმე ამ ე.წ. კორუფციასთან ბრძოლაში. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ, რომ სისტემა თავად ისეა მოწყობილი, რომ კორუფციის გარეშე ვერ იარსებებს. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს ქონებისა და ბიზნესების გადანაწილებასთან. საქართველოში მძვინვარებს ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, სადაც ხელისუფლება აკონტროლებს ბიზნესს და იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ბიზნესმენთან დაკავშირებით – ვის ხელში უნდა იყოს ესა თუ ის სფერო. საუბარი არ არის მხოლოდ ლეგალურ ბიზნესზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი შემოსავალი სალაროში სწორედ რუხი ზონიდან შემოდის, იქნება ეს ქოლცენტრები, ნარკოტიკების ბრუნვა, არალეგალური ტრანზიტი თუ რეექსპორტი, მაგალითად, რუსეთთან მიბმული. ეს არის ფულის ყველაზე დიდი წყარო. ვიღაც ამას ხომ კურირებდა? ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის გარეშე ეს რგოლი მუშაობდეს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“დარწმუნებული ვარ, სუს-ს მისამართებით აქვს ქოლცენტრების სია და იცის, სად რა მუშაობს, მაგრამ რატომღაც ხელს არ ახლებენ. აქედან გამომდინარე, ახლა მიდის გადანაწილება – ვიღაც პატრონობდა ამას, ახლა მეორე ჯგუფმა გაიმარჯვა და მიდის ამათი ჩაჩოჩება და ახალი მოთამაშეების შემოყვანა. ბაკურიანის ქეისი (სტეფანიანის საქმე) ავიღოთ, ეს ხომ შერჩევითი სამართლის პირდაპირი მაგალითია. თურმე 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვიღაც რაღაცას უნებართვოდ აშენებდა. თბილისში მშენებლობების ნახევარი უნებართვოდ და დარღვევებით მიმდინარეობს. რატომ იმას არ ეხებიან? ამის ფაქტებიც დაიდო, ვხედავთ, რომელი კომპანია აწარმოებს უნებართვო მშენებლობებს, მაგრამ მათ რატომღაც არ ეხებიან. ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ბაკურიანში ვიღაცას გაუჩნდა სტეფანიანის ჩანაცვლების ინტერესი. ანუ რით განსხვავდება ავტორიტარული სისტემები დემოკრატიულისგან? დემოკრატიულ სამყაროში ჯერ არის დანაშაული და მერე ვერდიქტი, ავტორიტარულ სისტემებში კი ჯერ ვერდიქტი გამოდის და მერე ამ ვერდიქტს “აბამენ” დანაშაულს. – ჯერ გამოდის ვერდიქტი, რომ ვიღაც უნდა დაიჭირონ და მერე იწყება ფიქრი, რაზე უნდა დაიჭირონ. დარწმუნებული ვარ, სტეფანიანის საქმეშიც ზუსტად ასე მოხდა – ჯერ გამოიტანეს ვერდიქტი, რომ სტეფანიანი უნდა გაწეწონ, დაიჭირონ და მერე დაიწყო საქმეების შეკერვა”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ღარიბაშვილის ქეისიც ავიღოთ. რა, არ იცოდნენ, რას აკეთებდა? ის არა მხოლოდ ხელდასხმული იყო, დარწმუნებული ვარ, იმ ჯამიდან ძალიან ბევრი ჭამდა, ვინც დღესაც ხელისუფლებაშია. ისე კი არ მომხდარა, უი, რაღაც დააშავა და მოდი, მართლმსაჯულება აღსრულდესო. არა, პირიქით, ჯერ გამოუტანეს ვერდიქტი, თქვეს, დროა ღარიბაშვილი გავწეწოთო, და მერე შეუკერეს საქმეები. მე იმას არ ვამბობ, რომ ღარიბაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ პროცესუალურად ყველაფერი უკუღმაა. თუ ადრე მართლმსაჯულებას ღარიბაშვილზე თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, თემიდამ მიიღო ბრძანება, აბა, ახლა გაახილეო, და გაახილა კიდეც. საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად თვალგახელილი თემიდა გვყავს. ეს არ არის ის თვალახვეული თემიდა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ახასიათებს. ჩვენ დაჭყეტილთვალებიანი თემიდა გვყავს”, – თვლის რესპონდენტი.
“რატომ არის ღარიბაშვილი გარეთ? მას კიდევ აძლევენ შანსს, შეაგროვოს, იმუშაოს და მიიტანოს სალაროში. ციხიდან ხომ ვერ შეაგროვებს იმ თანხას? ამასთან, დასაჭერ სამიზნეს ჯერ პირადად ხელს არ ახლებენ, რათა ვალდებულებების შესრულების შანსი მისცენ, მაგრამ მის ირგვლივ ვიღაცებს იჭერენ, რომ უფრო კარგად იმუშაოს და შეაგროვოს. რა ხდება ლილუაშვილის ირგვლივ, ხომ ვხედავთ? მგონი, მძღოლიც კი დაუჭირეს. იგივე ხდება გზების დეპარტამენტის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირგვლივ. ამ ხალხს სთხოვენ, ფული მოიტანეთო… ეს არის ქონების გადანაწილება, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. როდესაც დიდი ქონების გადანაწილება ხდება, ბევრს უჩნდება ინტერესი. ვფიქრობ, აქ უკვე ტრანსნაციონალური კრიმინალიც მონაწილეობს და ეს პროცესი განსაკუთრებით ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გააქტიურდა”, – განმარტავს ექსპერტი.
“ვფიქრობ, კობახიძე და მისი გუნდი იმ მოლოდინით, რომ ბიძინა ამ ბინძურ პროცესს მათ აჰკიდებს და ჩარეცხავს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია, ცდილობენ ეს პროცესი ბიძინას “სტერილიზაციისთვის” გამოიყენონ – დატოვონ ის ალტერნატივის გარეშე, რათა ერთადერთ მემკვიდრეებად თვითონ დარჩნენ და ამით შეინარჩუნონ ძალაუფლება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი ბიძინასგან ალტერნატიულ ძლიერ ზურგს უკვე ეძებს. კრემლი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ბიძინას ალტერნატივა შექმნას. კრემლისთვისაც ეს კომფორტულია, ბიძინა მაინც ძვირი უჯდება. უფრო იაფი მსახურები აწყობს. ამით ისინი, ერთი მხრივ, ბიძინას აკონტროლებენ, ეუბნებიან, თუ კარგად არ მოიქცევი, აგერ ამათ ჩაგანაცვლებო. მეორე მხრივ, საჭირო მომენტში შეიძლება რეალური მექანიზმებიც ჩართონ. ასე რომ, დღეს ბიძინაც სერიოზულ საფრთხეშია. ნუ ვიფიქრებთ, რომ ბიძინას დალხენილი ცხოვრება აქვს. ის აღარ არის ადამიანი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს და სიტუაციას აკონტროლებს. მას დიდწილად კონტროლი უკვე დაკარგული აქვს. ამიტომ, როდესაც ყველაფერს ბიძინას ვაბრალებთ, არასწორია. ვფიქრობ, კრემლი უკვე იმდენად არის შემოსული, რომ ბიძინა ამ სისტემის მხოლოდ ერთი აღმასრულებელი ელემენტია და არა გადამწყვეტი ინსტანცია”, – დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “ოპოზიციამ, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთონ?” – პასუხობს:
“მე ოქროს გასაღები არა მაქვს. ოპოზიციას ბევრი შანსი ჰქონდა და ვერასდროს გამოიყენეს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კლასის ძირეულად გადახალისება, გაახალგაზრდავება, გასუფთავება, სისხლის გადასხმა. ფაქტია, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერების დეფიციტია, ისეთი ლიდერების, რომელთაც ხალხში ნდობა და ავტორიტეტი აქვთ. შესაბამისად, როდესაც არსებობს დეფიციტური მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდება შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. მე ასეთ მიწოდებას უფრო ახალ თაობაში ვხედავ. მიკვირს, რატომ ერიდებიან ისინი პოლიტიკას. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ოპოზიცია არ ვარგა, მაგრამ თქვენ, ასეთი აქტიურები, შემართულები, პატრიოტები რომ ხართ, რატომ არა გაქვთ ამბიცია, თავად აიღოთ სადავეები ხელში? გამოდით წინა პლანზე და თავად გახდით ლიდერები!”




