“ვინმე დეკანოზი ზის ხან „იმედის“, ხან „უცნობის“ და ხან რამიშვილის ნავში და მიდის სახლში თუ ვინ იცის სად…
ეკლესიაში უვიც, უსამართლო, მოძალადე, რუსეთუმე სასულიერო პირებში აღმოჩნდა ასევე ჭორიკნობისა და მკითხაობის ნიჭით დაჯილდოებული ვინმე დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.
მახსენდება მეზობელი ლუიზა, რომლის ფინჯან ყავაში ჩახედვა გაოცებაში მოჰყავდა მასთან მისულ სამეზობლოს, მაგრამ ჰოი საოცრება — გამოჩნდა ვინმე დეკანოზი, რომელიც მკითხაობითა და ფანტაზიის უნარებით მეზობელ ლუიზასაც კი ჯაბნის და ჰოლივუდის რეჟისორებს ეჯიბრება თავისი თეატრალური წარმოდგენების დადგმით. რაც არც კი არის გასაკვირი, რადგან მას თავად გააჩნია საკუთარი თეატრი, რომელსაც საპატრიარქო უფინანსებს, სადაც ის დგამდა ამბროსი ხელაიასადმი მიძღვნილ წარმოდგენებს, და ახლა ამბროსის გზაზე მიმავალ მამა დოროთეს გაშავებას ცდილობს თავისი თეატრალური ნიჭებით. მალე ალბათ თავის გიტარაზეც რამეს დაუკრავს მამა დოროთეს გასაშავებლად.
მღვდელი, რომელსაც აქვს პირადი თეატრი და ვერ გაიგებ — გიტარისტია თუ დეკანოზი — არქიმანდრიტს თავისი ჭკუით ამხელს ბერობაში და ამბობს: „ბერობას თამაშობს და ნარცისია“. საიდან, დეკანოზო, ასეთი ნიჭი — მსახიობობა, მომღერლობა, გიტარისტობა და ბერობის ცოდნაც? ,,რა გასწავლეს ასეთი წმინდა მიქაელის სკოლაში”? ტყუილი როდი თქვა მამა დოროთემ შენნაირებზე — „არა კაცები არიან ზოგიერთი სასულიერო პირები“.
ეს დეკანოზი ეკლესიისთვის საშიშ და დამღუპველ სწავლებას ავრცელებს და ამბობს, რომ „არიან ისეთი სასულიერო პირები, რომელთა ქადაგებაც არ მომწონს საშინლად და მგონია, რომ ფანატიზმია და დამღუპველია ადამიანისთვის, მაგრამ იმასაც აქვს არსებობის უფლება — იმან ისე დაინახა ქრისტე“. ამ დეკანოზს ნორმად მიაჩნია, რომ სასულიერო პირი თავისი ქადაგებით ადამიანებს ღუპავდეს; ე.ი. ეკლესიაში არიოზის, ნესტორის და სხვა დამღუპველი ერეტიკული სწავლებების არსებობას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
ჩვენ ქრისტე ისე უნდა დავინახოთ, როგორც სახარება გვასწავლის, და არა როგორც დეკანოზი ამბობს: „იმან ისე დაინახა“, და ამიტომ მის აზრს აქვსო არსებობის უფლება. ასევე ამბობს, რომ მთავარია ეკლესიაში სამღვდელოების ნაწილი იყოს სწორი, ანუ ისევ ამტკიცებს, რომ ყველა სასულიერო პირს არ მოეთხოვება, რომ სწორად ასწავლიდეს. ეს ისეთ რამეს ჰგავს, თითქოს: „მთავარია ექიმების ნაწილი იყოს მცოდნე, და ვინც უვიც ექიმთან მივა — ჭირსაც წაუღია და დაე საწამლავით უმკურნალოს“.
ასევე რას ნიშნავს, დეკანოზო, შენი სიტყვები: „სამოთხე სამოთხეშია მარტო“? ქრისტე გვასწავლის: „თქვენშია სასუფეველი“. მოციქულები, რომლებზეც სული წმინდა გადმოვიდა და დამკვიდრდა მათში — განა ისინი არ იყვნენ სასუფეველი? სასუფეველი ნიშნავს ადგილს, სადაც მეფე მკვიდრდება. განა მოციქულებში არ იყო ქრისტე? განა პავლე იტყუება: „ჩემში ქრისტე საუბრობს“
მე, არქიმანდრიტი, გირჩევ, დეკანოზო, თავი დაანებო თეატრალურ წარმოდგენებს და სახარება გულდასმით წაიკითხო, და თუ ვერ ჩაწვდები — მამა დოროთეს მიაკითხო.
განა ჭორაობა არ არის, როცა ამბობ: „მამა დოროთემ წარმატებას ვერ მიაღწია ეკლესიის შიგნით, ეპისკოპოსი ვერ გახდა და ამიტომ გაღიზიანდა“? ვინ გითხრა, ან საიდან ამტკიცებ ამას? ნუთუ იმხელა ხარ, რომ ადამიანის გულს ღმერთივით ხედავ? ამით ამტკიცებთ ქრისტეს უვიცობას, როცა ღვთის წინაშე წარმატება იერარქიაში გგონიათ.
ან რას ნიშნავს, როცა შენს გვერდზე „All Gal“-ს გვარს შეურაცხყოფ და წერ: „ყურაშვილებო, ყრუებო, უწიგნურნო და უტიფარნო“? ვინ მოგცა ამ ყველაფერთან ერთად, უზრდელ დეკანოზს, ამის უფლება? ეკლესიაში სამართალი რომ იყოს, განსაკვეთი ხარ ამის გამო. იმედი მაქვს, ეკლესიაში აღსდგება სამართალი და უვიც და უპასუხისმგებლო მღვდლებს პასუხი მოგეკითხებათ.
P.S. „Post TV“-ის გადაცემაში შალვა რამიშვილისგან მეტი პატივისცემა ჩანდა მამა დოროთეს მიმართებაში, ვიდრე შენგან. ასე რამ გაგაბოროტა, დეკანოზო?” – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში




