Megobari Act-ის გეოგლიფის ავტორების თქმით, გარემოს დაცვის სააგენტოში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

აქტივისტები, რომლებმაც ანაკლიაში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მასშტაბური გეოგლიფი – Megobari Act – გამოსახეს, გარემოს დაცვის სააგენტოში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. როსტო ზარანდია ამბობს, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს.
“გუშინ დამირეკეს გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან. მითხრეს, რომ მივსულიყავი ახსნა-განმარტებაზე. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ რომ მივიდე. იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში მინდორზე რომ გავიარო, მაგისთვის არავის ახსნა-განმარტებას არ მივცემ […] მეუბნებიან, რომ ნაყოფიერ მიწას შევეხე. ჩვენ, ქართველები, მიწათმოქმედები ვართ, ნაყოფიერ მიწას ვხნავთ და უფრო ვანაყოფიერებთ, იდეაში. არაფერი არ დაგვიზიანებია, ზუსტად ვიცი.
[…] არაფერს არ გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, დაავალეს, რომ ეს საქმე ეწარმოებინათ, რომ მერე სასამართლომდე მივიდეს და ეს უსამართლო სასამართლო დაგვაჯარიმებს”, – ამბობს აქტივისტი როსტო ზარანდია.
როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ გეოგლიფი – Megobari Act ანაკლიის პორტის პროექტის მიმდებარე ტერიტორიასთან გამოსახეს. თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს.
“მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ ამ ბინძურ საინფორმაციო კამპანიაში, სადაც ანტიდასავლური რიტორიკა ჭარბობს, არ იკარგება ხალხის რეალური განწყობები, ჩანდეს ჩვენი რეალური სიმართლე და თანაც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა ისე, რომ ყოფილიყო მასშტაბური და კარგად დასანახი”, – განაცხადა სიხარულიძემ.
აქტივისტების პერფორმანსს გამოეხმაურა Megobari Act-ის ავტორი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
“საქართველო ოკუპირებულია ორი ძალის მიერ. ესენია და რუსულ-ჩინური მარიონეტი „ქართული ოცნება“. -სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულით არის ნაკარნახევი, ურღვევია. „მეგობარი აქტის“ მიღება ამ ჭეშმარიტების დადასტურება იქნება”, – დაწერა უილსონმა X-ზე.
“მეგობარი აქტი” “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამავდროულად მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარგმნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).