ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ერთადერთი საშუალება, რომ ევროპული ინტეგრაციისკენ განვვითარდეთ, ისაა, რომ რეპრესიული კანონმდებლობა გაიწვიონ, თუმცა შეუძლებელია ივანიშვილთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს

როდესაც ძირითად სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებს ზღუდავს ივანიშვილი და მისი ბანდა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებით, შეუძლებელია ეს რეაგირების გარეშე დარჩეს – ეს ადამიანი ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უფრო მეტი ევროპული ღირებულება და ნორმა იქნას დარღვეული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე.
ს თქმით, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია იქონიო ოპტიმიზმი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ.
„როდესაც ძირითად სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებს ზღუდავს ივანიშვილი და მისი ბანდა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებით, შეუძლებელია ეს რეაგირების გარეშე დარჩეს, მათ შორის ეუთო/ოდირის და სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუციის იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეუძლებელია ევროპული ნორმა და ღირებულება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი ტიპის დასკვნები გაკეთდებოდა. ერთადერთი საშუალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით ევროპული ინტეგრაციის მხრივ განვვითარდეთ არის ის, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა იქნას გაწვეული. როცა ვსაუბრობთ მოლოდინებზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ივანიშვილთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს. ბოლო წელიწადზე მეტია ეს ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა არამხოლოდ შეჩერებულია, არამედ ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უფრო მეტი ევროპული ღირებულება და ნორმა იქნას დარღვეული საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ. ამიტომ ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს. პოზიტიური ცვლილება ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლების განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულებები, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე.
ეუთო/იდირი განმარტავს, რომ მათი დასკვნის გაცნობა უნდა მოხდეს იმ სერიოზული შეშფოთების გათვალისწინებით, რომელიც ადრე გამოთქვეს ოდირმა, საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით – კერძოდ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლო თვეებში განხორციელებული დაკავებების გათვალისწინებით, „რაც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებისა აშკარა დარღვევაა“.