ახა კალაძე ირწმუნება, რომ მერიის ბულდოზერებს აფრიკის დასახლებაში მშენებარე ტაძარი არ დაუნგრევიათ. თბილისის მერი ამბობს, რომ “ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, ეკლესიასთან კავშირი არ აქვს”. “ოცნების” ლიდერმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და “ტვ პირველს” დეზინფორმაციიის გავრცელებაში დაადანაშაულა.
რა მოყვა “ტვ პირველმა”:
- “პირველებს” აფრიკის დასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფიცრულებთან ერთად დაანგრია მშენებარე ეკლესიაც. მიიყვანა ადგილზე, აჩვენა აღმართული ჯვარი და ნანგრევები, რომელიც მშენებარე ეკლესიის დემონტაჟის შედეგად ადგილზე იყო.
- ამის შემდეგ “პირველების” ესაუბარა მამა ანტონ ჩანქსელიანს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაადასტურა, თქვა, რომ მერიაში ეკლესიის აშენების შესახებ კომისიის დასკვნა გადაგზავნილი ჰქონდა. სწორედ ეს მოყვა ეთერში “ტვ პირველმა”, რაც ადგილობრივების ინტერვიუებს და სასულიერო პირის კომენტარს ეყრდნობოდა.
კალაძე ასევე ამტკიცებს, რომ მერიის განცხადება „ტვ პირველმა“ არ გააშუქა, რაც არის ტყუილი, რადგან გუშინ, ცენტრალურ გამოშვებაში, როდესაც ეთრეში რეპორტაჟში გავიდა, მერიის პოზიცია დაფიქისირებული იყო.
რას ამბობს კალაძე:
„ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი „ფეიკ ნიუსი“ შესთავაზა, თითქოს მშენებარე ეკლესია, რომლის მშენებლობაც თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა, დავანგრიეთ. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა, თუმცა მერიის განცხადების გაშუქება „ტვ პირველმა“ არ ჩათვალა მიზანშეწონილად. მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია. ახლა წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას. აი, ამ დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას, ჩაუტარდა დემონტაჟი, რადგან როგორც ტერიტორია, ისე მშენებლობა იყო სრულიად უკანონო. ამ ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გაითვალისწინებული და ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა შესაბამისად იმოქმედა.
როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო. საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას, თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ




