კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი – დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუნდაც „კეთილი მიზნებისათვის“, ეკლესია-მონასტრებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებურად განხორციელებული სამუშაოები

ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუნდაც „კეთილი მიზნებისათვის“, ეკლესია-მონასტრებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებურად განხორციელებული სამუშაოები, – ამის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
ონიანის ინფორმაციით, მზადდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მონიტორინგის და ინსპექტირების პროცესისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.
„მესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მოღვაწეობენ შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა სჭირდებათ. მათი გადმოსახედიდან ძალიან კარგ და ლამაზ რამეს აკეთებენ, მაგრამ ხშირად ეს ძალიან კარგი და ლამაზი, ძეგლისთვის არის შეუქცევადი დაზიანების და საფრთხის მომტანი. ასეთი უნებართვო სამუშაოების დროს ნადგურდება არქეოლოგია, ძეგლის ავთენტურ ელემენტებზე იმგვარი ჩარევები ხდება, რომ შემდგომში მისი გამოსწორება შეუძლებელია.
ამ ადამიანებისთვის ხშირად გაუგებარია: – რას ვაშავებთ? ავდექი და მე თვითონ გადავხურე! ავდექი და მე თვითონ ამოვაშენე დანგრეული კედელი! მათთვის ძნელი ასახსნელია, რატომ არ უნდა შეეხონ ძეგლს შესაბამისი სპეციალისტებისა და ნებართვის გარეშე. ვცდილობთ ავუხსნათ, იქნება ეს რელიგიური კონფესიები თუ კერძო მესაკუთრეები, რომ ძეგლზე ნებისმიერი თვითნებური ჩარევა არის დამაზიანებელი.
სწორედ ამ კუთხით აუცილებლად გვჭირდება შესაბამისი მონიტორინგისა და ინსპექტირების რგოლის შექმნა, რომელიც ასეთ დარღვევებზე მთელი საქართველოს მასშტაბით მყისიერად მოახდენს რეაგირებას, აღმოფხვრის მას და შეაჩერებს იმ დროს, როცა უფრო სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს და ძეგლი აღარ დაგვხვდეს დაზიანებული, შეღებილი ან სრულად ახალაშენებული“, – განაცხადა თეა ონიანმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კულტურის კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.