2025 წლის 11–15 ნოემბერს ალბანეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარეობს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების და წლიური კონფერენციის კვირეული.
ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი მონაწილეობს.
„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასოციაციის ძირითადი და წამყვანი ორგანოების აღმასრულებელი კომიტეტის (ExCo – Executive Committee) და იმპლემენტაციის და შეფასების კომიტეტის (IAC – Implementation and Assessment Committee) შეხვედრები და სამუშაო სესიები, სადაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი წარმოადგენს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნებს (CEET – Central, Eastern Europe and Transcaucasia).
დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების და წლიური კონფერენციის კვირეულს ესწრება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია კუბლაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნათია ქვაჩახია. კვირეული ტრადიციულად დასრულდება IAIS-ის წლიური კონფერენციით, რომელიც გაიმართება 14–15 ნოემბერს.
IAIS-ის მმართველი ორგანოების შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის ერთიან მიდგომებზე.
ტირანაში გამართული შეხვედრები წარმოადგენს IAIS-ის წლიური სამუშაო ციკლის ერთ-ერთ მთავარ ეტაპს, რომლის ფარგლებში წევრებმა იმსჯელეს გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის ტენდენციებზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს აქტიური ჩართულობა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობაში და ხელი შეუწყო CEET რეგიონის პოზიციის გამყარებას IAIS-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას სადაზღვევო სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რაც ზრდის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე ცოდნის და რესურსების განვითარების შესაძლებლობას და აძლიერებს სამსახურის გავლენას, გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას გლობალური სტანდარტების შესაბამისად, რაც ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის განვითარების საწინდარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




