“უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ” – ლიბერთი ბანკი ბაზისბანკს აღარ ყიდულობს

BMG-ის ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის მხრიდან ბაზისბანკის ყიდვის საკითხი აღარ განიხილება. მათთან საუბარში „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი, ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შოირს მოლაპარაკება გრძელდება და საუბარია ორი ბანკის გაერთიანებაზეც.
„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. [ახლა] თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით”, – უთხრა გამოცემას რუხაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა შეუთანხმებლობის ერთ-ერთი საკითხი გარიგების ღირებულება, რუხაძე ასე პასუხობს:
„ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა… მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ. “
მანამდე BMG-ისთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შეაფასეს მსგავსი შესაძლო გარიგება ხომ არ გამოწვევდა კონცენტრაციისა და კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემებს ბაზარზე და ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტეს. თავად გარიგების ხასიათზე კი თურნავამ თქვა, რომ ეს ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საკითხია.
„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში აქტივების ზომით სიდიდით მესამე ბანკია, „ბაზის ბანკი“ კი მეოთხეა. მას ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ ფლობს. ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ივნისში დაადასტურა.
ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ ეს გარიგება სავარაუდოდ სწორედ ბაზისბანკის გადაწყვეტილებით შეფერხდა და ლიბერთი ბანკის ყიდვაზე ჩინელებმა თქვეს უარი, რაც განპირობებულია წინა გამოცდილებით, როცა, მისივე თქმით, ბანკი რესპუბლიკის ყიდვისას მათ პროგრესბანკის ყიდვასაც აიძულებდნენ.
“როგორც ჩანს, ან დაფრთხნენ იქ [ლიბერთი ბანკში] აღმოჩენილი ფინანსური ინფორმაციის გამო, ან სანქციების შეეშინდათ, ან ისეთი ვალდებულების აღება მოსთხოვეს, როგორც წინა შემთხვევაში, რომ არ წავიდნენ რისკზე” – ვარაუდობს ის.
ფორუმი