შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფაზე – 18 გარდაცვლილი ნაპოვნია, 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

18 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე იმყოფება.
მისივე თქმით, მეტ დეტალზე ინფორმაციას თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით მოგვიანებით გაავრცელებენ.
„18 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირსა და კოორდინაციაზე ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მეტ დეტალზე ინფორმაციას, თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით, ეტაპობრივად მოგაწვდით“,-აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.