გაერთიანებულმა სამეფომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში სავარაუდოდ ჩართული ნავების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის აშშ-სთვის გაზიარება შეწყვიტა, – ინფორმაციას CNN-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, პაუზა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო და გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ სურს ეჭვმიტანილ ნავებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებში მონაწილეობა და მიიჩნევს, რომ თავდასხმები უკანონოა.
წყაროების ცნობით, გაერთიანებული სამეფო, რომელიც კარიბის ზღვის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს, წლების განმავლობაში ეხმარებოდა აშშ-ს ნარკოტიკების გადატანაში ეჭვმიტანილი ნავების ადგილმდებარეობის დადგენაში იმისთვის, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვას მათი გადაადგილება აღეკვეთა. ეს ნიშნავდა, რომ გემების გაჩერებას, ეკიპაჟის დაკავებასა და ნარკოტიკების ჩამორთმევას.
სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც წესი, ეგზავნებოდა ფლორიდაში განლაგებულ ერთობლივ უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფ „სამხრეთს“, რომელიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მოიცავს და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის შემცირებაზე მუშაობს. CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ სექტემბერში დარტყმების განხორციელება დაიწყო, გაერთიანებულ სამეფოში გაიზარდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ, შესაძლოა, ბრიტანელების მიერ მოწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას სამიზნეების შესარჩევად იყენებდა. წყაროების ცნობით, ბრიტანელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სამხედრო დარტყმები, რომელსაც 76 ადამიანი ემსხვერპლა, საერთაშორისო სამართალს არღვევს.




