სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილია საბრძოლო მასალა. ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის ტროტილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ იპოვეს.
„მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას“, – წერია სუსის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ჩატაევის დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2017 წელს დაიწყო.
2017 წლის 21-22 ნოემბერს დედაქალაქში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია ჩატარდა. ლიკვიდირებულ პირებს შორის იყო აჰმედ ჩატაევი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა. ამავე ოპერაციის დროს მოკლეს კიდევ ორი ადამიანი.
სუსის თანახმად დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებული, აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი ჩატაევი შედიოდა, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა. რაც შეეხება იმას, თუ რა გზით შემოვიდნენ ისინი საქართველოში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თურქეთის მხრიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლი გადაკვეთეს.
ფორუმი




