სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იყო ყოფილი იუგოსლავიის არმიის გენერალური შტაბის შენობის დანგრევის წინააღმდეგ.
გენშტაბის შენობა 1999 წელს, ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს დაიბომბა და დღემდე ამ სახითაა შემორჩენილი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მის ნაცვლად სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს კომპანია, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს ეკუთვნის.
ბელგრადში 11 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მრავლად იყვნენ სტუდენტები. მათ შენობის წინ საღებავით სიმბოლურად გაავლეს წითელი ხაზი, ყოფილ გენშტაბს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და განაცხადეს, რომ შენობას არავის დაუთმობენ.
აქციის მონაწილებმა მოითხოვეს სერბეთის მთავრობის „უკანონო გადაწყვეტილების” გაუქმება, ყოფილი გენშტაბის შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენა და მიმდინარე გამოძიების დასრულება.
2024 წლის მაისში სერბეთის მთავრობამ და კუშნერის საინვესტიციო კომპანია Affinity Partners-მა გააფორმეს ყოფილი გენერალური შტაბის შენობის 99-წლიანი იჯარის შეთანხმება. იმავე წლის ნოემბერში სერბეთის პარლამენტმა შენობას მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გადაწყვეტილების კანონიერებას და დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებას ამჟამად სერბეთის პროკურატურა იძიებს.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირაში სერბეთის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კუშნერის კომპანიას აძლევს უფლებას, თავიდან აიცილოს სტანდარტული პროცედურები და მშენებლობის ნებართვა მიიღოს ქონებრივ-სამართლებრივი საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ყოფილი გენშტაბის შენობის დასანგრევად კი საჭირო არ იქნება ძეგლთა დაცვის ინსტიტუტის ექსპერტების თანხმობა.
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ირწმუნება, რომ შეთანხმება სრულიად კანონიერია, გამოძიება კი მიზნად ისახავს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების მოგვარებისთვის ხელის შეშლას.
ფორუმი



