საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2017 წლიდან ატარებს ეროვნული ლიგის გათამაშებას “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემით. ეს იყო პირველი სერიოზული ცვლილება, რომელიც სფფ-ის სათავეში ლევან კობიაშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ ჩემპიონატს შეეხო 10-გუნდიან ფორმატზე გადასვლასთან ერთად.
პატარა ისტორიული ექსკურსი – როცა 1990 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ფეხი უნდა აგვეწყო ევროპისთვის (რომელიც არ ჩქარობდა ჩვენს აღიარებას) და “შემოდგომა-გაზაფხულის” სისტემით გვეთამაშა.
სხვა გზა არ იყო – პირველი ჩემპიონატი “გაზაფხული-შემოდგომის” ფორმატით ჩატარდა, მერე ვითამაშეთ გარდამავალი ჩემპიონატი და 1991 წლის შემოდგომიდან გადავედით ახალ მოდელზე.
…და ეს ყველაფერი შეიცვალა 2017 წელს. გადაწყვეტილების მოტივი ასეთი იყო – თუ ჩემპიონატს გაზაფხულზე დავიწყებდით და (პირობითად) პირველ ეტაპზე ივნისამდე ვითამაშებდით, ჩვენი კლუბები უკეთესად მომზადებულები შეხვდებოდნენ ევროტურნირების სტარტს.
მაშინაც ვწერდი, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ იყო გამაგრებული არგუმენტებით. აქ არაფერ შუაშია “საბჭოური მოდელი”, რადგან “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემით თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ შვედეთში, ფინეთში, ირლანდიაში…
მეორე მხრივ, ცალკე ფორმატის ცვლილება ვერაფერს მისცემდა ჩემპიონატს, თუ კლუბები ისევ ისე იმუშავებდნენ, როგორც დიდი ხანია მუშაობენ. მესმის მათი გასაჭირი, ინვესტორების ნაკლებობა (ეს კიდევ რბილად ნათქვამია), მაგრამ… როცა გუნდების უმეტესობა სეზონის განმავლობაში ორჯერ იშლება და იწყობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სისტემით ჩავატარებთ ჩემპიონატს.
თავად განსაჯეთ – მარტში რომ იწყებ ერთი შემადგენლობით და ევროტურნირების წინ ლამის ნახევარ შემადგენლობას ცვლი, რომელ ფორმატებზე თუ მოდელებზე ვლაპარაკობთ? ფაქტია, 2017 წლის რეფორმამ არაფერი მოუტანა ჩვენს ფეხბურთს ისეთი, რაც გვათქმევინებდა, რომ – “მოდი, კიდევ დაველოდოთ, იქნებ…”
არანაირი “იქნებ” – სანამ კლუბებში არ შეიცვლება ამ საკითხისადმი მიდგომა, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს – თუ ეს ყველაფერი მაინც არ იცვლება, ძველ ფორმატზე დაბრუნება რაღად გვარგია, რატომღა ავიტკიოთ თავიო?
არის ამაში ლოგიკის მარცვალი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ “შემოდგომა-გაზაფხულის” სისტემაზე დაბრუნებით, ავტომატურად დავბრუნდებით საერთაშორისო სატრანსფერო “ფანჯარაში”.
როცა ჩემპიონატი მაისში დასრულდება, წესით, ევროტურნირებზე გასულ გუნდებს, წარსულის მძიმე გამოცდილებებიდან გამომდინარე, აღარ უნდა გაუჩნდეთ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილელების “ცდუნება” – ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უფრო შესაძლებელია სწორი მუშაობით წერტილოვანი გაძლიერება ორი-სამი ნორმალური მოთამაშით.
დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში შეიქმნება (თუ აღდგება) პროფლიგა და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, აღდგენის ინიციატორთა ერთ-ერთი იდეაც ეს იქნება – დაბრუნება “შემოდგომა-გაზაფხულის” მოდელზე.
აქ ბევრი მიგვითითებს კლიმატურ ფაქტორსა და ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ წლების განმავლობაში ვატარებდით ჩემპიონატებს “შემოდგომა-გაზაფხულზე” და ეს გამოცდილება გვაქვს. მოედნებიც მეტი გვაქვს და ძველებზე ბევრად უკეთესიც (თუმცა კიდევ მეტი გვჭირდება)…
კი ბატონო, შეიძლება, 10-გუნდიანი ფორმატი ოპტიმალურია ჩვენთვის, მაგრამ 36 ტური ბევრია. ოღონდ, აქ შეიძლება 2 წრის შემდეგ ეროვნული ლიგის გაყოფა საჩემპიონო და გასავარდნ ზონებად.
შეიძლება განვიხილოთ 12-გუნდიანი ეროვნული ლიგა 3 წრედ (მაგალითად, ირლანდიის პრემიერ ლიგის მოდელი). ეგ არის, რომ ეს ფორმატი ბოლომდე ვერ დაიკვეხნის სამართლიანობით (სიტყვაზე, თბილისის “დინამო” “ტორპედოსთან” ორჯერ იქნება მასპინძელი, ხოლო “ტორპედო” ერთხელ, ან პირიქით), მაგრამ სამაგიეროდ, ვატარებთ 3 ტურით ნაკლებს, ეს კი ნახევარ თვეზე მეტია.
საქართველოში თამაში შეიძლება დეკემბრის ბოლომდე. ცხადია, მთლად 1 იანვრამდე არა, ავიღოთ საორიენტაციოდ 20 დეკემბერი. დღევანდელი ფორმატით, საქართველოს ჩემპიონატი, ზოგადად, დეკემბრის პირველ კვირაში მთავრდება. და თუ დეკემბერს უფრო მეტად ავითვისებთ, მაშინ შევძლებთ, მარტის პირველ რიცხვებში ან ცხელი ზაფხულის პერიოდში საღდაც 3 ტური “მოვტეხოთ”.
ერთი სიტყვით, ვარიანტები არის და ვფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ოღონდ, ეს არ იქნება დაბრუნება წარსულში (შეიძლება, ვინმეს ეს სიტყვათა შეთანხმება აშინებდეს) ან “შეცდომის” (ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ის გადაწყვეტილება შეცდომა იყო) აღიარება, უბრალოდ, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება!
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის “დინამომ” ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? “კოლხეთმა” თბილისში “გაგრა” დაამარცხა….
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…




