აუცილებელი არაა ისრაელ-პალესტინის მშვიდობა წლების შემდეგ იყოს, “ახლო მომავალში” არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“ეს განუხორციელებელი არ არის… ნაწილები არსებობს, ერთად უნდა ავაწყოთ ისინი, ამ შედეგის მისაღწევად; და არა წლების შემდეგ, არამედ ახლო მომავალში, თუ ყველანი გავერთიანდებით და ამ კურსის არჩევისას მივიღებთ გონივრულ და გაბედულ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა სალივანმა.
სალივანის თქმით, ის აქტიურად მუშაობს, რათა ისრაელის რეგიონში ინტეგრაცია განავითაროს როგორც ღაზაში მიმდინარე კრიზისის მოგვარების ინსტრუმენტი.
ომამდე ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაზე საუბრისას სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის აზრით ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დიდი ალბათობით წარმატებით არ დასრულდებოდა.
“ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ საუკეთესო მიდგომა “პაკეტურ” შეთანხმებაზე მუშაობაა, რომელიც ისრაელსა და საკვანძო არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან ერთად პალესტინელი ხალხისთვის აზრიან პროგრესსა და პოლიტიკურ ჰორიზონტს მოიცავდა.
ეს იყო ჩვენი მიზანი 7 ოქტომბრამდე და 7 ოქტომბერს “ჰამასი“ ამ მიზნისადმი ჩვენი პროგრესის განადგურებას ცდილობდა”, – განაცხადა სალივანმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ამ ძალისხმევებზე ხელი არ ჩაუქნევია.