საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის, გერმანიაში – 4.2, ლუქსემბურგში კი 6 – ვატო სურგულაძე

„რა ხარისხზე უნდა ელაპარაკო ექიმებს, როცა იმავეს უხდი, რასაც 10 ან 5 წლის წინ უხდიდი? ამიტომაც, კლინიკებს უწევთ, გაკოტრებას რომ გადაურჩნენ, პაციენტს უხარისხო სერვისი მიაწოდონ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ, საქართველოს ში არსებული პრობლემების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ვატო სურგულაძის თქმით, თუ დაფინანსების კუთხით მდგომარეობა არ გამოსწორდება და თუ ამ საკითხის გადახედვა ყოველწლიურად არ მოხდება, ჯანდაცვის სფეროში ხარისხი ვერ გაუმჯობესდება.
„მშიერი ექიმი უკვე დანაშაულია. ექთანს, ექიმს, სამედიცინო პერსონალს თუ ხელფასი არ გაეზარდა, ვერავითარ ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ. თავის დროზე სამედიცინო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი იყო. დღეს ყველაზე ნაკლები კონკურსი სამედიცინო სასწავლებლებშია. მეორე მომენტია ექთნების პრობლემა. ექთანი არის წამყვანი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ჩვენთან კი რატომღაც უყურებენ, როგორც ექიმისთვის ყავის მომდუღებელს. საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის. შედარებისთვის, გერმანიაში 1 ექიმზე 4.2, ლუქსემბურგში – 6. მიზეზი ისევ და ისევ ანაზღაურებაა და ჩვენი ექთნები ქვეყნიდან გარბიან, ან აქ სამ ადგილას უწევთ მუშაობა. მშიერი ექიმი ვერ იმუშავებს, ხარისხს ვერ მოგცემს“, – ამბობს ვატო სურგულაძე