ისრაელმა “ჰეზბოლას” სამიზნეებზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა. ამას ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული წყაროები უდასტურებენ და თავად ც იშვიათი გამონაკლლისის სახით, აღიარებს, რომ საზღვარზე სპეციალურმა დანაყოფებმა ოპერაცია ჩაატარეს.
ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს უთხრა, რომ სულუკის ველზე სულ მცირე 16 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, და ეს “ერთი ლოკაციის თანმიმდევრულ და უწყვეტ დაბომბვას ჰგავდა”. ეს მათი თქმით, ყველაზე ინტენსიური იერიში იყო მას შემდეგ, რაც 3 თვის წინ დაპირისპირება გამწვავდა.
ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლასა” და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის საჰაერო თავდასხმები 7 ოქტომბრის შემდეგ დროდადრო აქტიურდება. “ჰეზბოლა” “ჰამასის” წარმომადგენლებს უჭერს მხარს. 7 ოქტომბერს, “ჰამასმა” ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც მისმა წევრებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს, მათი დაახლოებით ნახევარი კვლავ ტყვეობაში რჩება.
ისრაელმა “ჰამასს” ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელსაც “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის უწყების ცნობით, 22 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ მან “დროის მოკლე მონაკვეთში საჰაერო და საარტილერიო იერიშები” მიიტანა “ჰეზბოლას” სამიზნეებზე და “იარაღის ინფრასტრუქტურაზე” სულუკის ველზე.
ლიბანის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები არ ადასტურებენ, დაზიანდა თუ არა “ჰეზბოლას” რომელიმე სამიზნე, მაგრამ ამბობენ, რომ შეიარაღებული დაჯგუფება ამ ველს სწორედ ისრაელისკენ რაკეტების გასაშვებად იყენებს.