რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას ჩაუშალა ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული გამანადგურებლის გატაცებას და მისი გამოყენებით პროვოკაციის მოწყობას ნატოს ერთ-ერთ ბაზასთან. უკრაინას ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გახსნილი და აღკვეთილია“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და მისი „ბრიტანელი კურატორების“ ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ რუსი მფრინავების მოსყიდვას, რათა მათ, საერთო ჯამში, ოთხი მილიონი დოლარისა და დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ გაეტაცებინათ და უკრაინისთვის გადაეცათ ზებგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი გამანადგურებელი მიგ-31.
რუსეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა აპირებდა გატაცებული თვითმფრინავი გაეგზავნა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში დისლოცირებული ნატოს საავიაციო ბაზისკენ, სადაც გამანადგურებელს საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩამოაგდებდნენ.
ამ „ოპერაციის“ კიდევ ერთ მონაწილედ დასახელებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ გამოცხადებული მედიაორგანიზაცია Bellingcat-ი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მფრინავებთან კონტაქტის დასამყარებლად უნდა გამოეყენებინათ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ნახსენებ არცერთ მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა დღეს ისიც განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი „პროვოკაციის“ პასუხად, გასულ ღამით საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა კიევის ოლქში რაკეტებით „კინჟალი“ დაარტყეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს რადიოელექტრონული დაზვერვის მთავარ ცენტრს და სტაროკონსტანტინოვის აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია უკრაინის არმიის გამანადგურებლები F-16. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ფორუმი




