პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო სირიის დროებითი პრეზიდენტი ალ-შარაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას. ის სირიის სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც თეთრ სახლს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
10 ნოემბერს, შეხვედრის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ალ-შარაას უწოდა ძალიან ძლიერი ლიდერი, რომელიც მოსწონს და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა სირიამ წარმატებას მიაღწიოს.
ტრამპმა ისიც თქვა, რომ ალ-შარაას, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მძიმე წარსული ჰქონდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აჰმედ ალ-შარაამ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ალ-ყაიდასთან“ მისი თანამშრომლობა წარსულია და დონალდ ტრამპთან ეს საკითხი არ განუხილავს.
აჰმედ ალ-შარაა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის ფსევდონიმით ერაყის ომში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდას“, მოგვიანებით კი „ისლამური სახელმწიფო ერაყის“ მხარდასაჭერად. 2006 წელს ის ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს. 2011 წელს გათავისუფლების შემდეგ ალ-შარაა სირიაში „ალ-ყაიდას“ დანაყოფის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ალ-შარაა „ალ-ყაიდას“ 2016 წელს გაემიჯნა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა ახალ რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციას, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში სირიაში დაამხო ბაშარ ასადის რეჟიმი. 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
2025 წლის მაისში საუდის არაბეთში გაიმართა ს და აჰმედ ალ-შარაას პირველი, არაოფიციალური შეხვედრა. 2025 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამს“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.
ვაშინგტონში ტრამპის და ალ-შარაას შეხვედრის დღეს, 10 ნოემბერს სირიის გარდამავალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ უერთდებიან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.
ს და აჰმედ ალ-შარაას შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ შეაჩერა სირიის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება. კონგრესმა კანონპროექტი სანქციების შესახებ 2019 წელს მიიღო. სანქციების სრულად გაუქმებასაც კონგრესის თანხმობა სჭირდება.
ვაშინგტონში ალ-შარაას ოფიციალური ვიზიტის წინ ის სანქცირებულთა სიიდან ამოიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. გაერომ აჰმედ ალ-შარაას სანქციები 2014 წელს დაუწესა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის გამო.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, 10 ნოემბერს თეთრ სახლში ალ-შარაას სტუმრობას უფრო მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა, ვიდრე ეს სხვა უცხოელი ლიდერების ვიზიტისას ხდება.
სირიის დროებითი პრეზიდენტი თეთრ სახლში არა ცენტრალური, არამედ გვერდითი შესასვლელიდან შევიდა და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლი ამავე გასასვლელიდან დატოვა.
ფორუმი