რუსეთის ქსელურმა ოპერატორებმა დაიწყეს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მომხმარებლებს მობილური ინტერნეტი 24 საათის განმავლობაში გაეთიშებათ.
ამგვარი შეტყობინებები გაგზავნეს “მეგაფონმა” და “ბილაინმა”. ამ უკანასკნელის წერილში ლაპარაკია მოკლე ტექსტური შეტყობინებების შეზღუდვაზეც, “უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად” – წერს გამოცემა “ვიორსტკა”.
შეზღუდვის მოსახსნელად მომხმარებლებისთვის აუცილებელი იქნება ვერიფიკაციის გავლა. “ბილაინი” წერს, რომ ამის გარეშე “მომსახურება ავტომატურად განახლდება 24 საათის შემდეგ”.
“მეგაფონი” იუწყება, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სატელეფონო ზარები და გარკვეული სერვისები.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო ამბობს, რომ შეზღუდვები აუცილებელია დრონებისგან დაცვის მიზნით, რადგან შესაძლოა სიმბარათები დრონებში იყოს განთავსებული და მათ ნავიგაციისთვის იყენებდნენ. მექანიზმი სატესტო რეჟიმში 10 ნოემბერს ამოქმედდა.
სამინისტროს ცნობით, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაშიც, თუ სიმბარათი 72 საათის განმავლობაში არ იქნება აქტიური.
ფორუმი




