სალომე სამადაშვილი – პარტიების აკრძალვასთან ტანდემში ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობაა – რუსული პოლიტიკური სისტემის ანალოგის შექმნა მიდის

სამართლებრივი დევნა, რომელიც დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, პარტიების აკრძალვასთან ერთად ტანდემში, ეს არის ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული პოლიტიკური სისტემის აბსოლუტური ანალოგია იქმნება.
„ირონიულად და სიმწარით მეცინება, როდესაც ვუსმენ რეჟიმთან დაპირისპირებულ სხვადასხვა ადამიანს, როცა საუბრობენ, რომ „ახლა ივანიშვილი აკრძალავს პარტიებს და იქნება შესაძლებლობა, რაღაც ახალი შეიქმნას“. მგონი, ეს ადამიანები ან რეალობას ვერ აღიქვამენ, ან რაღაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. ეს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ოპოზიციას, რაც ახლა არსებობს, გადაუვლის ივანიშვილი, პარტიებს აკრძალავს, სამართლებრივი დევნით აძულებს მათ, კუთხეში ისხდნენ ან ქვეყნიდან გაიქცნენ და ამ ნიადაგზე დემოკრატიული ოპოზიციის რაიმე ყლორტი აყვავდება, ილუზიების ტყვეობაშია.
ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე, სიმართლე არის ძალიან მძიმე. სიმართლე უნდა იცოდეს ადამიანმა, რადგან უნდა იცოდე, რომ საფრთხე გემუქრება და მოძებნო გამოსავალი. ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული სისტემის სრული განადგურება. მათ შორის სამართლებრივი დევნა, რომელიც დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, პარტიების აკრძალვასთან ტანდემში, ეს არის ოპოზიციის აბსოლუტური განადგურების მცდელობა, რათა ამით ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს ყველანაირი საუბარი პოლიტიკურ პლურალიზმზე, პოლიტიკურ ცვლილებებზე და ა.შ. მიდის რუსული პოლიტიკური სისტემის აბსოლუტური ანალოგის შექმნა და მე ვფიქრობ, რომ ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს მათ შორის ის, რაც დღეს ოპოზიციასთან მიმართებაში ხდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.