აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას (BBC ) სარჩელით ემუქრება, მისი გამოსვლის მონტაჟისთვის 2021 წლის იმ დღეს, როცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. თავად BBC-მა ორშაბათს აღიარა, რომ ტრამპის გამოსვლის მონტაჟი “განსჯაში შეცდომით” განხორციელდა.
ტრამპის ადვოკატების თქმით, BBC-მა დოკუმენტური ფილმი 14 ნოემბრამდე უკან უნდა წაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება სარჩელი “არანაკლებ” ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.
დოკუმენტურ ფილმში, რომელიც გავიდა BBC-ის ემბლემატური პროგრამის, Panorama-ის ფარგლებში, ტრამპის გამოსვლიდან ორი სხვადასხვა მონაკვეთი ერთად იყო დამონტაჟებული, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ იგი 2021 წლის 6 იანვრის არეულობის მოწოდებით გამოდიოდა – ეს, მისი ადვოკატების თქმით, იყო “ყალბი და ცილისმწამებლური”.
ტრამპის გამოსვლის მონტაჟის გარშემო სკანდალმა და უფრო ფართო კრიტიკამ BBC-ში კრიზისი გამოიწვია, კვირას გადადგა კორპორაციის ორი ხელმძღვანელი – გენერალური დირექტორი ტიმ დეივი და ახალი ამბების აღმასრულებელი ხელმძღვანელი, დებორა ტარნესი.
კორპორაციის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა ორშაბათს ბოდიში მოიხადა ტრამპის სიტყვის მონტაჟისთვის, თუმცა უარყო კრიტიკა, რომ BBC-ის სარედაქტიო პოლიტიკა სისტემატიურ მიკერძოებას ავლენს. შაჰის თქმით, BBC განიხილავს როგორ უპასუხოს ტრამპის ადვოკატთა განცხადებას.




