„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„იმედის“ ინფორმაციით, საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტებს.
TV პირველის თანახმად, „სფერო ჰოლდინგი“ მოქალაქეებს გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა – მათთვის ბინებს ქირაობდა, თანხა თავად უნდა გადაეხადა მეპატრონეებისთვის, ხოლო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ინვესტორებისთვის ფული უკან უნდა დაებრუნებინა.
ტელეკომპანიასთან მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხები კომპანიაში დააბანდეს, „სფერო ჰოლდინგმა“ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ათეულობით ადამიანი დაზარალებული აღმოჩნდა.
თავად „სფერო ინვესტი“ აცხადებს, რომ ის „ქართული კომერციული ბანკების სამიზნედ იქცა, რომელთაც მასში კონკურენტი დაინახეს“ და ამიტომ კოპმანია ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.
„ჯერ იყო და 2025 წლის ივნისში, „ ბანკმა“ დაუხურა საბანკო ანგარიშები სს „სფერო ინვესტს“ ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე – ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე. შემდგომ, იგივე გაგრძელდა სხვა ბანკებშიც…
ანგარიშების გაუქმების გამო ფულადი მიმოქცევის შეწყვეტამ და დაინტერესებული ოპოზიციური პირებისა და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ აგორებულმა კამპანიამ, ფინანსური სირთულეების წინაშე დააყენა კომპანია.
ამ მოვლენების გამო, თანხების გრაფიკით დაბრუნების ნაცვლად კომპანიას უწევს თანხების ერთიანი დაბრუნება, პრობლემის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ მათგან არ მიგვიღია პასუხი. საბანკო ანგარიშების აღდგენის გარეშე კი შეუძლებელი იქნება კომპანიის ფუნქციონირება.
ფაქტობრივად, მიმდინარეობს ბიზნესის შევიწროება და განადგურება, რაც სს „სფერო ინვესტის“ ასობით მომხმარებელს აზარალებს. ეს მაშინ, როცა 2025 წლის ივნისამდე კომპანიის კაპიტალის ზრდა ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობდა.
გთხოვთ თქვენ თანადგომას, საკითხის კანონიერ შესწავლას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას საბანკო ანგარიშების აღდგენაზე“, – ნათქვამია „სფერო ინვესტის“ ადმინისტრაციის მიერ 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ბიზნესომბუდსმენს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ