საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეტ უორდი „ქართული ოცნების“ მთავრობის ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.
გარეთ უორდი საქართველოში ბრიტანეთის ელჩია 2024 წლის აგვისტოდან, თუმცა ლაშა ხუციშვილთან გაცნობითი შეხვედრა წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ ჰქონდა.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას“, – წერია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
თითქმის 1,5 თვის წინ, 25 სექტემბერს ელჩი გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში „გაესაუბრნენ“. ბრიტანეთის ელჩთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გასაუბრებას წინ უსწრებდა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარება.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.
ელჩების დაბარების ფონზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მათ „ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს“.
ელჩის დაბარებას წინ უსწრებდა საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომლითაც დაგმობილი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. ეს განცხადება ეხმაურებოდა სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარებს, რომელიც ელჩ ფიშერს შეეხებოდა.
„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – ეწერა 10 სექტემბერს გავრცელებულ საელჩოს განცხადებაში.
ფორუმი




