მედია: “მზად ვართ ბრძოლისთვის” – მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები ისინიც გახდნენ

მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები სწორედ ისინი გახდნენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, არაფრის ეშინიათ და სამართლებრი ბრძოლისთვის ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებენ.

არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც დაიწყოს… ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მზად ვართ, ვუპასუხოთ, იმიტომ, რომ სამართლებრივი ბრძოლა არავის აუკრძალავს ჩვენთვის და ყველა მექანიზმს ამისთვის გამოვიყენებთ, როგორც დარწმუნების მექანიზმს, ისე მტკიცებულებებს, თუ საერთაშორისო სასამართლოებში და სხვა ფორუმებშიც წავალთ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩვენ ხელიდან გვაცლიან საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ, – ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე კი დარწმუნებულია, რომ “ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ იმიტომ ერჩის, რომ ისინი სიმართლეს ამჟღავნებენ. მათ შორის, საუბარია კორუფციულ საქმეებზეც.

როცა მართალი ხარ და პირიქით, ჩვენ მხოლოდ ვამხელთ უკანონობას და ამ უკანონობის მხილების გამო გვაქვს პრობლემები ყოველთვის, მათი მხრიდან კრიტიკა, მუქარები. როდესაც ღარიბაშვილის კორუფციას ამხელდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაშინაც მუქარა იყო. როდესაც თავდაცვის და სხვა სამინისტროებში კორუფციას ამხელდა არასამთავრობოები, მაშინაც მუქარები იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ ორგანიზაციები და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ასე ახდება, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სიმართლე, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.   

არასამთავრობოების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას არც კომპანია “იუნითის” მმართველი პარტნიორი, იურისტი ნიკა სიმონიშვილი გამორიცხავს. მისი თქმით, “ოცნების” მიზანია, გაანეიტრალოს ყველა, ვინც მის ძალაუფლებაში ყოფნას შეეწინააღმდეგება.

მტკიცებულებები, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკური სურვილები, რომ უბრალოდ, ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები. სურვილიც კი არავის უნდა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წამით იფიქროს, რომ “ქართული ოცნება” აღარ იყოს ძალაუფლებაში. ასეთ ოპონენტებად მიიჩნევს სწორედ “ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და არ არის გასაკვირი, რომ ასეთებად, მათ შორის დასახელებული ჰყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ეს ხალხი უბრალოდ აგრძელებენ ამ ბრძოლას. ამიტომ, რა დარჩა “ქართულ ოცნებას” გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები გაუშვას ციხეში?, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.

საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.

მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.

ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.

სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.