ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყნის ისტორიაში ფედერალური მთავრობის მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება, ე.წ. „შატდაუნი“.
ორპარტიული შეთანხმება დადასტურებულია პირველი კენჭისყრით, რომელიც სენატში ჩატარდა „შატდაუნის“ დაწყებიდან მე-40 დღეს, 9 ნოემბერს.
CNN-ის ცნობით, სენატმა 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისკენ, რასაც წინ უძღოდა რესპუბლიკელების შეთანხმება 8 დემოკრატთან. ისინი მხარს დაუჭერენ „შატდაუნის“ შეწყვეტას სამედიცინო დახმარების სუბსიდირების გაგრძელების საკითხზე კენჭისყრის სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ 100-წევრიან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, მათ არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა და შესაბამისად, აუცილებელია დემოკრატების ნაწილის მხარდაჭერაც.
გამოცემა Politico-ს ცნობით, კანონპროექტი, რომელმაც „შატდაუნი“ უნდა დაასრულოს, ითვალისწინებს რამდენიმე ფედერალური სააგენტოსა და პროგრამის დაფინანსებას მთელი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენების – 2026 წლის 30 იანვრამდე.
კენჭისყრები ამ კვირაში გაგრძელდება და კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტოებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ბიუჯეტზე. აშშ-ში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, ზედა პალატაში, სენატში კი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა ათზე მეტი კენჭისყრის მიუხედავად.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარ საგნად იქცა ჯანდაცვის ხარჯები, რომელთა შემცირებაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
„შატდაუნის“ გამო დაახლოებით 1,4 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია ან უხელფასოდ მუშაობენ, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
წლევანდელი „შატდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შატდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა. მაშინ დავის საგანი იყო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ტრამპის გეგმისთვის, რომელიც მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.
კონგრესი ორჯერ შეთანხმდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, რამაც 22 დეკემბრამდე გასტანა, 2018 წლის 22 დეკემბრიდან გამოცხადებული „შატდაუნი“ კი 2019 წლის 25 იანვარს დასრულდა.
ფორუმი




