მობილურებისთვის განკუთვნილი სათავსოები სასამართლოებში — რისთვის ემზადება „ოცნება“?

საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 19 სასამართლოსთვის ავეჯი შეიძინა, რომელთა შორის მობილური მოწყობილობების შესანახი სათავსოებიცაა.
ხელშეკრულება მიმწოდებელთან, შპს „ავესთან“, ჯამური ღირებულებით 91 700.00 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდასი) ლარი უკვე დადებულია 17 ოქტომბერს.
ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იძებნება.
სათავსო მცირე ზომის საკეტიანი უჯრებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის პატიმრების სარჩელების განხილვისას მისულ ჟურნალისტებს დაახლოებით ორი კვირას წინაც დახვდათ დამონტაჟებული, თუმცა ჯერჯერობით გამოუყენებელი.
ავეჯი შეძენილია 19 ობიექტისთვის:
· თბილისის სააპელაციო სასამართლო
· თბილისის საქალაქო სასამართლო
· თბილისის საქალაქო სასამართლო
· ქუთაისის სააპელაციო
· ს საქალაქო სასამართლო
· რუსთავის საქალაქო სასამართლო
· გარდაბნის მაგისტრატი სასამართლო
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
· ხაშურის რაიონული სასამართლო
· საჩხერის რაიონული სასამართლო
· ამბროლაურის რაიონული სასამართლო
· ცაგერის რაიონული სასამართლო
· ბოლნისის რაიონული სასამართლო
· მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
· ქუთაისის საქალაქო სასამართლო
· საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
· სენაკის რაიონული სასამართლო
· სამტრედიის რაიონული სასამართლო
· ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლო
მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოები შეძენილ ავეჯში მხოლოდ თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებისთვის გვხვდება. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში მდებარეობს, განკუთვნილია მობილურისთვის განკუთვნილი 960 სათავსოიანი კარადა, ინდივიდუალური საკეტებით. კარადას ქვეშ 22 განყოფილება ექნება უფრო მოზრდილი სათავსოთი. მიწოდების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 14 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კარადები დამონტაჟებული ჯერ არ არის, თუმცა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მობილურის შესანახი კარადები უკვე 30 ოქტომბრიდან აქვს.
ივნისის მიწურულს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი იყვნენ. ახალი რეგულაციებით „ოცნების“ რეჟიმმა სასამართლო სხდომების გაშუქება შეუზღუდა და გაურთულა მედიას. სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, აიკრძალა ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა.
ინფორმაციის გამოტანის ალტერნატივად ტელე-მედიას სასამართლოს ეზოში შესასვლელთან სხდომებზე მონაწილე და დამსწრე პირების კომენტარების ჩაწერა დარჩა. სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეძლებისდაგვარად დეტალური დოკუმენტირება ონლაინ-მედიამ ითავა. სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის ნეტგაზეთი, ჩაწერისა და გადაღების აკრძალვის შემდეგ, ლაივ-ბლოგებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან მაუწყებლობდნენ.
ნიშნავს თუ არა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოში იმას, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი სხდომებზე მობილური ტელეფონების შეტანის ასაკრძალადაც ემზადება — ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ და შეშფოთების საგნად რჩება. მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევა ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო მეტად გაართულებს და ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის სასამართლოში მიმდინარე მოვლენების დროულ და მაქსიმალური სიზუსტით გაშუქებას.