თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე, პროკურატურის წარმომადგენელი “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებზე: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე აცხადებს, რომ მათ არცერთხელ არ დაგმეს აქციის მონაწილეების ქმედებები.
ამ დროის მონაცემებით, მათ წინააღმდეგ საქმეში სხვა მტკიცებულებები არ დევს.
პროკურატურა კოალიციის ლიდერების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონიან გირაოს შეფარდებას ითხოვს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




