თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს გამოცხადდა.
ყველა მათგანისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ:
„არსებობს საფრთხე, რომ მათ ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ, თავი აარიდონ მართლმსაჯულებას. მათი ნაწილი თავად გამოცხადდა გამოძიებაში, თუმცა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სხვა პირები იყვნენ დაკავებულები.
ასევე არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბრალდებულებს არ უცდიათ სიტუაციაში გარკვევა, როგორც კი მივიდნენ მაღაზიაში, მაშინვე მოხდა ძალადობა და ეს იყო დაზარალებულის დემონსტრაციული დასჯა საჯარო სივრცეში… მოაწყვეს ანგარიშსწორება და დასჯა შუა ქალაქში ამ ადამიანების. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მათ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა“.
· საპირისპიროს ამტკიცებდნენ დაკავებულების ადვოკატები, გამორიცხავდნენ განმეორებით დანაშაულის ჩადენას და მოსამართლეს სთხოვდნენ, აღკვეთის ღონისძიებად გამოეყენებინა გირაო.
· ხუთივე დაკავებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედება ბრალად. დამატებით, ჯაკო ჩარკვიანს იარაღის უკანონ შეძენა და შენახვა (სსკ 236-ე მუხლი).
„ვისხედით და ველოდებოდით სახლში, როდის მოვიდოდა პოლიცია, პრაქტიკულად ჩავბარდით. არანაირ მიმალვას ეს ადამიანი არ აპირებდა. ის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ოთხი დღე ჰქონდა ამისთვის, თუკი ეს სურდა. მას ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, გთავაზობთ გირაოს 10 000 ლარის ოდენობით“, – თქვა სხდომაზე დაჩი კეკელიას ადვოკატმა.
ამ ოდენობის გირაო მოითხოვა ლევან გრძელიძის ადვოკატმაც:
„ის არის მოქმედი ფეხბურთელი, ახლაც მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში, მანამდე თამაშობდა საზღვარგარეთ, 17 წლის ასაკში. ის კანონმორჩილი ადამიანია. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები“.
პოლიციას ჩაბარდა დავით პეტრიაშვილი. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეომტკიცებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამხილებელი არაფერია.
„ერთად იყვნენ რესტორანში, იყვნენ ნასვამები, ქალბატონმა დაურეკა ჯაკოს [ჩარკვიანი] და იფიქრეს, რომ ქალბატონზე ახორციელებდნენ თავდასხმას. ქართველებს გვახასიათებს ასეთი რამ, უძველესი ერი ვართ, ჩვენი ტრადიციები გაგვაჩნია, ჩვენი ვაჟკაცობა, მაგრამ მართლა არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ძალიან სასწაული რაღაც მომხდარიყო. მივცეთ ერთი შანსი, მით უმეტეს, არ მიიმალნენ, გადავსებულია „კაპეზეები“, – მიმართა მოსამართლეს პეტრიაშვილის მეორე ადვოკატმა.
ადვოკატი დადებით კონტექსტში წარმოაჩენდა შოთა აფციაურს. ყურადღებას ამახვილებდა, რომ ის წარმატებული მხატვარია. პოლიციას ისიც თავად ჩაბარდა:
„ადამიანი არის მხატვარი, ხელოვანია, თავის სტიქიაშია, მისი ნახატები საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული და ერთადერთი შეცდომა, რაც დაუშვა, არის ის საღამო“.
მოსამართლის მიერ მიცემული სიტყვა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ბოდიშის მოსახდელად გამოიყენა ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანმა:
„ბოდიში, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდით, მაპატიეთ, შეიძლება ეს არაფერს ცვლის, მაგრამ არ ვიცი ამის თქმას როდის მოვახერხებდი და ბოდიში“.
დღეს, 7 ნოემბერს გაიმართა მანჩო გიორგობიანის სასამართლო სხდომაც. გამოძიების ვერსიით, სწორედ მან დაურეკა ახლობელ კაცებს და მისი ორგანიზებით იძალადეს სუპერმარკეტის თანამშრომლებზე. ეს საქმეც არსენ კალატოზიშვილმა განიხილა – მან მანჩო გიორგობიანსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ფორუმი




