„გზის გადაკეტვის“ საბაბით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პედაგოგ ანი ძულიაშვილს

პედაგოგ ანი ძულიაშვილს „გზის გადაკეტვის“ საბაბით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.
პედაგოგი 5 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მან გზა „ხელოვნურად გადაკეტა“. მოსამართლემ ეს ფაქტად მიიღო და ის სამართალდამრღვევად ცნო.
ანი ძულიაშვილი საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს, მისთვის შეფარდებული 48 საათის ამოწურვის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. საპატიმროებში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, სტუდენტები და ა.შ.
ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი